ახალი ამბები

ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი შეუერთდა მასწავლებელთა მხარდამჭერ აქციას

6 ოქტომბერი, 2022 • 810
ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი შეუერთდა მასწავლებელთა მხარდამჭერ აქციას

უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციას, რომელიც ხელფასების ზრდის მოთხოვნით მებრძოლი მასწავლებლების, ასევე, პროტესტის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგების მხარდასაჭერად გაიმართა.

Reuters-ის თანახმად, ათასობით მოსწავლემ, მშობელმა და მასწავლებელმა ჩაკეტა ბუდაპეშტის ცენტრალური ხიდი, შემდეგ კი პარლამენტის მიმდებარე მოედანი გაავსო.

მანამდე, უნგრელმა მასწავლებლებმა დაიწყეს კამპანია “მინდა, ვასწავლო”, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს პედაგოგთა ხელფასების ზრდის, მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემის გადაჭრისა და გაფიცვის უფლების მოთხოვნით.

პროტესტი 5 ოქტომბერს, დილის საათებში, მოსწავლეების მიერ ბუდაპეშტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრით დაიწყო, აღნიშნულს კი მოჰყვა ყველაზე მასშტაბური აქცია მას შემდეგ, რაც უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიმდინარე წლის აპრილში მეოთხე ვადით აირჩიეს.

როგორც Reuters წერს, აქციის მონაწილეებს ეკავათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, მათ შორის, “ნუ გაათავისუფლებთ ჩვენს მასწავლებლებს”.

საპროტესტო აქცია ბუდაპეშტის ცენტრში. ფოტო: 444.hu

“მე ძალიან ბევრი მაგარი, შესანიშნავი მასწავლებელი ვიცი, რომლებიც არ იღებენ საკმარის ფულს იმ შრომისა და სიყვარულისათვის, რომელსაც თავიანთ პროფესიაში დებენ”, — ციტირებს სააგენტო 14 წლის ლუიზა ლუკაჩს.

პროფკავშირებმა მიმდინარე კვირის ოთხშაბათისათვის მასწავლებელთა გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადეს. მანამდე, 2022 წლის იანვარში ორგანიზებული გაფიცვის შემდეგ, მთავრობამ შეზღუდა ხსენებული აქტივობა, გასულ კვირას კი ბუდაპეშტის საშუალო სკოლიდან რამდენიმე პედაგოგი გაათავისუფლეს პროტესტში მონაწილეობის გამო.

უნგრეთის ხელისუფლება მზარდი გამოწვევის წინაშე დგას რეცესიისაკენ მიმავალი ეკონომიკის, ორნიშნა ინფლაციისა და ევროს მიმართ უნგრეთის ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების ფონზე.

ორბანის მთავრობაში ამბობენ, რომ მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება მას შემდეგ, რაც ევროკომისია გამოყოფს ევროკავშირის მიერ გასაცემ ფინანსურ დახმარებას(“აღდგენის დაფინანსება”) უნგრეთისთვის. აღნიშნული პაკეტი ამჟამად შეჩერებულია უნგრეთში კანონის უზენაესობის ხარისხთან დაკავშირებული დავის ფონზე.

უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა და მმართველი პარტიის წევრმა ლასლო კოვერმა დასძინა, რომ პედაგოგთა ხელფასები ჩამოუვარდება საშუალო მაჩვენებელს, თუმცა გაფიცვა გამოსავალი არ არის.

გარეკანის ფოტო: Momentum Mozgalom

მასალების გადაბეჭდვის წესი