ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კლინიკა „ვივამედში“ გაუარესებულია და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ექიმი ჯეიმს კობისთვის პაციენტის მოსანახულებლად შესაბამისი ლიცენზიის დროულად მინიჭებას ითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილის ქართველი და უცხოელი ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა დღეს საკვები არ მიიღო, მან ასევე უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზეც. მიხეილ სააკაშვილის იურისტის, მასიმო დი ანჯელოს თქმით, ექიმები შიშობენ, პაციენტმა ისევ შიმშილობა არ გამოაცხადოს:
„ჩვენ ისევ ველოდებით ექიმისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლების მიცემას. ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. გუშინდელი ინციდენტი, როდესაც პროკურორები და მოსამართლე შევიდნენ მის ოთახში, ასევე მიუღებელია. ექიმები შიშობენ, რომ სააკაშვილმა შეიძლება ისევ გამოაცხადოს შიმშილობა“, — ამბობს მასიმო დი ანჯელო, იურისტი
სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კლინიკა „ვივა მედში“ შეყვანის შემდეგ 20 კილოგრამი დაიკლო. ხაჭაპურიძის თქმით, წამლების მიღებაზე უარი სააკაშვილს პროტესტის ნიშნად არ განუცხადებია და აღნიშნავს, რომ გუშინდელი ჩაშლილი სასამართლო პროცესიც აჩვენებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება:
„წუხანდელთან შედარებით უკეთესი ვითარებაა, თუმცა ჯანმრთელობას რაც შეეხება, ზოგადად, არის რთული მდგომარეობა. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა არა პროტესტის ნიშნად. უბრალოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ახლა 86 კილოა. 20 კილო აქვს დაკლებული მას შემდეგ, რაც „ვივა მედში“ შემოვიდა და თან, გაუარესდა სიტუაცია. გუშინდელმა მდგომარეობამაც აჩვენა, რომ ჯანმრთელობა უარესდება. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმიტომ, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელი იყო, რაც განჩინებაშიც აისახა“, — აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 3 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ექიმმა კობიმ არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რის გამოც საბჭომ სააკაშვილთან შესვლის უფლება არ დართო.
„ძალიან ბევრი განაცხადი იყო, ოთხი თუ ხუთი, და აქედან ნაწილი დაკმაყოფილდა, რადგანაც წარმოდგენილი იყო ეს დოკუმენტაცია და საბჭომ ჩათვალა, რომ ლიცენზია უნდა გაეცა და ამ შემთხვევაში საჭიროდ არ ჩათვალა“, – თქვა მინისტრმა.