ახალი ამბები

2019-თან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წელს 94.6%-ით აღდგა — სამინისტრო

5 ოქტომბერი, 2022 • 705
2019-თან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წელს 94.6%-ით აღდგა — სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.2 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 94.6%-ით აღდგა.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვლივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ანგარიშის თანახმად, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ესტუმრა 3 892 605 საერთაშორისო მოგზაური. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 83.8%-ით აღდგა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები კი, 65.3%-ით.

ვიზიტზე საშუალო დანახარჯით სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საუდის არაბეთი – 1 729$
  • ყაზახეთი – 1 511$
  • ისარელი – 1 379$
  • არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა – 1 285$
  • ბელარუსი – 1 110$
  • გერმანია – 1 081$
  • უკრაინა – 726$
  • რუსეთი – 712$
  • თურქეთი – 658$
  • აზერბაიჯანი – 450$
  • სომხეთი – 334$

მარიამ ქვლივიშვილმა პრეზენტაციისას განმარტა, რომ ერთ ტურისტულ ვიზიტზე დანახარჯი, 2019 წელთან შედარებით, 31%-ით არის გაზრდილი და 2 562 ლარს უტოლდება. ამასთან, მისი თქმით, გაზრდილია საშუალო ღამისთევების რაოდენობაც და 6.3 ღამეს შეადგენს.

მისი თქმით, გართობის, რეკრეაციისა და დასვენების კუთხით ყველაზე მეტი ტურისტი თბილისსა და აჭარაზე მიდის.

რაც შეეხება გათეული ღამეების საშუალო რაოდენობას, პირველ ადგილზეა ბელარუსი, მას მოსდევს გერმანია, საუდის არაბეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2022 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 780 339 რუსეთიდან იყო. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა თურქეთი – 543 464, მესამე ადგილზე კი სომხეთი – 521 750.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ანგარიშის თანახმად, შიდა ტურისტული ვიზიტორების დანახარჯმა, საერთო ჯამში, 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს 2019 წელთან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყანაში ფრენები 95%-ით, მგზავრთა ნაკადი კი 79%-ით არის აღდგენილი. მარიამ ქვლივიშვილის თქმით, ბაზარზე დაბრუნდა ყველა ის ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში კოვიდპანდემიამდე ოპერირებდა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 43 ავიაკომპანია ოპერირებს და ფრენებს 86 მიმართულებით ახორციელებს.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს შიდა ფრენებით 12 045 მგზავრი გადაადგილდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე 51% იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქე კი- 49%.

პრეზენტაციის ბოლოს მარიამ ქვლივიშვილმა წარადგინა ტურიზმის სტრატეგია 2025 წლისთვის. მისი თქმით, არსებული აღდგენის დინამიკით, 2025 წლისთვის ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი 5.2 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ამ მაჩვენებლის მიღებას კი ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ტურისტების მიერ ღამისთევების საშუალო რაოდენობის და ფინანსური დანახარჯის ზრდითა და სახმელეთო და საჰაერო გზებით შემოსული ტურისტების რაოდენობის დაბალანსებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი