ახალი ამბები

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს

5 ოქტომბერი, 2022 • 876
ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს

ანჯელინა ჯოლი სასამართლოს უთითებს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, ბრედ პიტმა თანაცხოვრების დროს მასსა და შვილებზე იძალადა.

სარჩელის დეტალების შესახებ The New yourk Times წერს.

4 ოქტომბერს ჯოლიმ ადვოკატებთან ერთად მეღვინეობის ირგვლივ მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოში კონტრსარჩელი შეიტანა, რომელიც 2016 წლის თვითმფრინავის ეპიზოდს ეხება. ქალის თანახმად, ამ დღეს პიტმა მასსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად იძალადა.

საქმე ეხება სასამართლო დავას, რომელიც ბრედ პიტმა ჯოლის წინააღმდეგ წამოიწყო ფრანგულ მეღვინეობაზე, რომელსაც წყვილი თანაცხოვრების პერიოდში ერთად ფლობდა. ბრედ პიტი ჩივის, რომ ჯოლიმ “შატო მირავალში” თავისი წილი ისე გაასხვისა მე-3 პირზე, რომ მეორე მხარის ნებართვა არ ჰქონია, რაც კონტრაქტის დარღვევაა.

ჯოლი კი აცხადებს, რომ მეღვინეობის გაყიდვის შესახებ შეთანხმება ყოფილ მეუღლესთან მას შემდეგ არ შედგა, რაც პიტმა მას გაუთქმელობის ხელშეკრულების ხელმოწერა მოსთხოვა. ეს დოკუმენტი, ანჯელინა ჯოლის თქმით, მას აუკრძალავდა „პიტის მხრიდან მასსა და მის შვილებზე ფიზიკური და ემოციური ძალადობის შესახებ საუბარს“.

ამავე დოკუმენტებში ჯოლი დეტალურად აღწერს 2016 წლის სექტემბრის შემთხვევას, როდესაც ის და ბრედ პიტი, 6 შვილთან ერთად, საფრანგეთიდან კალიფორნიაში მიფრინავდნენ პირადი თვითმფრინავით. მსახიობი ამბობს, რომ ამ დღეს გახდა პიტის ერთ-ერთი „აფეთქების“ სამიზნე.

მასალებში საუბარია იმის შესახებ, რომ „პიტი ერთ-ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი სახეში ჩაარტყა“,  მან „ჯოლის თავზე ხელი სტაცა და ქალი შეანჯღრია“. ამასთანავე, ამავე ფრენის დროს, პიტმა ლუდი გადაასხა ჯოლის, ხოლო შვილს – ღვინო.

ანჯელინა ჯოლის თანახმად, ჩხუბი დაიწყო მაშინ, როდესაც პიტმა ჯოლი დაადანაშაულა, რომ ბავშვების მიმართ „ზედმეტად მორიდებული იყო“, შემდეგ კი საპირფარეშოში მას ყვირილი დაუწყო.

„პიტმა სტაცა ჯოლის ხელი და შეანჯღრია, შემდეგ ხელი მოჰკიდა მხრებზე და კიდევ ერთხელ შეანჯღრია, საბოლოოდ კი საპირფარეშოს კედელზე მიაკრა. პიტმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი საპირფარეშოს ჭერს და მოუწოდებდა ჯოლის, რომ საპირფარეშო დაეტოვებინა“.

აშშ-ის ფედერალურმა სამსახურმა ინციდენტის შესწავლა 2016 წელსვე დაიწყო, თუმცა საქმე არ აღუძრავს. ამ საქმეში ჯოლი ანონიმურად დარჩა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ჯოლიმ განქორწინების შესახებ ოფიციალური დოკუმენტები წარადგინა.

თვითმფრინავის ინციდენტის შესახებ გარდა New York Time-სა წერს ასევე Hollywood Reporter. გამოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, ჯოლიმ პიტს უთხრა, რომ ბავშვებთან ერთად სასტუმროში მიდიოდა.

„მან კვლავ სცადა ჯოლის შეჯანჯღარება, რის გამოც ერთ-ერთმა შვილმა მას უთხრა – „არ ატკინო“. პიტმა ჯოლის ხელი გაუშვა, შემდეგ ძუკნა უწოდა და შვილებს და მას შეაგინა“, – ნათქვამია საქმის მასალებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი