ახალი ამბები

კალაძის თქმით, გლდანის და ვარკეთილის მეტროებში ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება

5 ოქტომბერი, 2022 • 773
კალაძის თქმით, გლდანის და ვარკეთილის მეტროებში ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება

მეტროსადგურების — “ახმეტელის თეატრისა” და “ვარკეთილის” — ტერიტორიაზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 5 ოქტომბერს, მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ტურნიკეტები აღნიშნულ მეტროსადგურებზე 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას გააჩენს. ეს იქნება აღნიშნულ მეტროსადგურების ჩასასვლელ-ამოსასვლელებში ხალხის დიდი ნაკადის განაწილების მოკლევადიანი გადაწყვეტა:

“პრობლემური საკითხია ვარკეთილისა და გლდანის მეტროების ჩასასვლელ-ამოსასვლელი, რომელიც ვერ ატარებს მგზავრების ნაკადს, ვინც განსაკუთრებით პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები, თუ რა იწვევს ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოკლევადიან პერსპექტივაში რა პრობლემაც გვაქვს, რასაც ვუყურებთ, ეს არის ტურნიკეტები, რომელიც პიკის საათში ვერ ატარებს მგზავრთა გაზრდილ ნაკადს, რაც პრობლემას წარმოადგენს.

აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რომ მოხდეს “ახმეტელის მეტროს” მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და ეს პროექტიც განხორციელდეს. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მანამდე მოკლევადიან პერსპექტივაში გასაკეთებელია ტურნიკეტების თანამედროვე, ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება, ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, არსებულ ტურნიკეტებს აღნიშნულ მეტროსადგურებზე 6 300 მგზავრის გადაყვანა შეუძლია საათში, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში კი საათში 8 100-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

კალაძის თქმით, ახალი ტურნიკეტები მეტროსადგურების ვესტიბიულებში ხალხის რიგების პრობლემას მოხსნის, “თუმცა, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში”.

თბილისის მერმა ასევე განმარტა, რომ პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდება და შესაბამის სამსახურებს დაავალა საკითხზე მუშაობის სწრაფად დაწყება.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ისაუბრა მეტროსადგურ “სადგურის მოედანზეც” და თქვა, რომ გვირაბში რიგის მომწესრიგებლები მუშაობას კვლავ გააგრძელებენ პიკის საათებში, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს.

ამასთან, მისი განმარტებით, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით მეტროსადგურ “ახმეტელზე” მომდევნო წლებში მეორე ამოსასვლელის პროექტი განხორციელდება.

კალაძის თქმით, ეს პროექტი ასევე მიზნად ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო და შერჩეული მეტროსადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონი აშშ დოლარია.

ამ პროექტის პარალელურად კი, კალაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკოსნტრუქციის ბანკთან პროექტზე, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს სადგურების განახლება უნდა მოხდეს.

“ეს მიზნად ისახავს 11 მეტროსადგურის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას, ბაქნის რებილიტაციას, მათ შორის ესკალატორების განახლებას თანამედროვე მოდელებით”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, თბილისის მერიას გარკვეული პრობლემები ექმნება მეტროსადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ტენდერებთან დაკავშირებით, რადგან ქართული კომპანიები “ვერ იღებენ პასუხისმგებლობას ამ სამუშაოების ჩატარებაზე”. ამის მიზეზად კი კალაძემ რამდენიმე წლის წინ მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერის ჩამოშლა დაასახელა.

“შესაბამისად, საერთასორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მათი მხარდაჭერით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და საერთაშორისო უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში”, – თქვა მან.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი