ახალი ამბები

უკრაინამ ხერსონში რამდენიმე სოფელი დაიბრუნა

4 ოქტომბერი, 2022 • 1095
უკრაინამ ხერსონში რამდენიმე სოფელი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში რამდენიმე სოფელი დაიბრუნა. უკრაინული მხარის ცნობით, 3 ოქტომბერს ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს არხანგელსკი და მიროლიუბოვკა, დღეს კი უკრაინის სახალხო დეპუტატმა რომან ლოზინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დროშა აღმართეს სოფელ დავიდოვ ბროდშიც. თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია უკრაინას.

უკრაინელების მიერ მნიშვნელოვან წინსვლაზე საუბრობს BBC-იც. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები ხერსონისკენ მიიწევენ და აღმოსავლეთში მიღწევებიც აქვთ. უკრაინელების წინსვლას ხერსონში ადასტურებენ რუსეთის მიერ რეგიონში ხელდასმული თანამდებობის პირებიც და ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილას რუსეთის ძალები თავდაცვით რეჟიმში არიან გადასული და სანგრებს თხრიან.

ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა, ვლადიმერ სალდომ აღიარა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონში ფრონტის წინა ხაზიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ დუდჩანში წინააღმდეგობა გაარღვიეს.

“ზოგიერთი დასახლება ოკუპირებულია უკრაინული ძალების მიერ”, — თქვა სალდომ.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ აღმოსავლეთშიც, კერძოდ ლუგანსკშიც. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ რამდენიმე რეგიონში გაათავისუფლეს ახალი დასახლებები.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკან დაიხიეს დონეცკის ქალაქ ლიმანშიც, მიზეზად კი ალყაში მოქცევის საფრთხე დაასახელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი