ახალი ამბები

მასკის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ

4 ოქტომბერი, 2022 •
მასკის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ

ილონ მასკის გამოკითხვას, სადაც მან წამოაყენა უკრაინის ნეიტრალიტეტისა და ანექსირებულ რეგიონებში ხელახალი “არჩევნების” იდეა, გამოეხმაურნენ რუსეთის თანამდებობის პირები, მათ შორის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

პესკოვმა დადებითად შეაფასა მასკის “მცდელობა”, რომ მოძებნოს “ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავალი” და თქვა, რომ ამ “ინიციატივამ” ბევრს არ მისცა დაძინების საშუალება:

“რა თქმა უნდა, შევამჩნიეთ, რომ მასკის ამ ინიციატივამ ბევრს არ მისცა დაძინების საშუალება ევროპაში, უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში. პირველ რიგში, დაძინების საშუალება არ მისცა ბოტებს, რომლებიც ასე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ხმის მიცემაში. სინამდვილეში, ძალიან დადებითია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ელონ მასკია, სიტუაციიდან მშვიდობიან გამოსავალს ეძებს”, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში რეფერენდუმი უკვე ჩატარდა და სხვა რაღაც ვერ გაკეთდება მის ნაცვლად:

“ბევრი იდეა იმსახურებს ყურადღებას. რაც შეეხება რეფერენდუმს, ადგილობრივებმა გამოხატეს თავისი აზრი. და აქ სხვა არაფერი შეიძლება იყოს”, – თქვა მან.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კი მასკის გამოკითხვას ტელეგრამში ირონიულად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის “ოფიცრის წოდების ღირსია”:

“ყოჩაღ მასკს. იმსახურებს არაჩვეულებრივი ოფიცრის წოდებას… შემდეგ პოსტში იქნება დაახლოებით ასეთი რამ: უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა”, – დაწერა მედვედევმა ტელეგრამზე.

ილონ მასკმა გუშინ, 3 ოქტომბერს რუსეთ-უკრაინის ომს ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა და დაწერა:

“უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

  • ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაერთიანებული ერების ზედამხედველობის ქვეშ. რუსეთმა დატოვოს [რეგიონები], თუ ხალხის ნება იქნება;
  • ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც 1783 წლამდე იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე);
  • უზრუნველყოფილი იყოს ყირიმის წყალმომარაგება.
  • უკრაინა დარჩეს ნეიტრალური”, – წერს მასკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი