ახალი ამბები

პუტინისთვის ლუგანსკზე პრიორიტეტული ხერსონისა და ზაპოროჟიეს შენარჩუნებაა – ISW

2 ოქტომბერი, 2022 • 1011
პუტინისთვის ლუგანსკზე პრიორიტეტული ხერსონისა და ზაპოროჟიეს შენარჩუნებაა – ISW

ვლადიმერ პუტინისთვის ლუგანსკში დაცვის გაძლიერებაზე მეტად პრიორიტეტული უკრაინის სამხრეთში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაა – ამ შეფასების ავტორი ომის შესწავლის ინსტიტუტია (ISW).

უკრაინის სამხრეთში რუსეთი ჯერჯერობით აგრძელებს ხერსონისა და ზაპოროჟიის ოკუპაციას. ISW-ის თანახმად, ის, რომ ლიმანს რუსეთმა სათანადო რეზერვები არ მიახმა და ბოლოს ქალაქი დატოვა, მკვეთრად მიანიშნებს დიქტატორ ვლადიმერ პუტინის პრიორიტეტებზე, რადგან იმავე დროს ხერსონსა და ზაპოროჟიეში პოზიციებს აძლიერებდნენ.

როგორც ცნობილია, ხერსონს ზღვაზე გასასვლელი აქვს, ხოლო ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. თუმცა რუსეთი სრულად ვერცერთ ამ რეგიონს ვერ აკონტროლებს.

ISW-ის შეფასებით ხარკოვი-იზუმის ფრონტის ჩამოშლის შემდეგ, ნათელი იყო რომ უკრაინელები ლიმანს შეუტევდნენ, თუმცა კრემლმა ამ ფრონტზე მისი დაჯგუფების გაძლიერების გადაწყვეტილება არ მიიღო.

ISW-ის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების უკან, სავარაუდოდ, პირადად პუტინი დგას და არა სამხედრო მეთაურები.


რუსეთის ჯარების მიერ ლიმანის აღების შესახებ პირველი ცნობები 26 მაისს გაჩნდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა. აგვისტოს ბოლოს უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა და თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი გაათავისუფლა. ლიმანის ალყის შესახებ ცნობები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. უკრაინელებმა გუშინ ლიმანი უკან დაუბრუნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი