ახალი ამბები

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

1 ოქტომბერი, 2022 • 884
სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

წინასწარი შედეგებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა.

სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს თეკლათისა და ჭალადიდის საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ირჩევდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.26 %-ია. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მამუკა ტუსკაძე, „სოციალური სამართლიანობისათვის” — 33 ხმა (3.32%)
  • ზაზა ყურაშვილი, „ქართული ოცნება“ — ხმების 962 ხმა (96.68%)

საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო ელექტრონული ტექნოლოგიები — ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა.

„სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა საშუალება კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში  წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები“, — განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება.

არჩევნების შედეგს „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ვერცერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი კარგად ხედავენ კონტექსტს, საზოგადოების განწყობას და იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება. ძალიან პრინციპული იყო გამარჯვება სენაკში, იმიტომ რომ უმრავლესობის საკითხი წყდებოდა“, — თქვა მან.

„ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი გახარიას „საქართველოსთვის” და „ლელო” არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდნენ.

სენაკის საკრებულო ერთ-ერთია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰქონდა. 33 წევრისგან შემდგარ სენაკის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავდა, „ნაციონალური მოძრაობას“ – 13 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 4 წევრი. შესაბამისად, სენაკის საკრებულოში უმრავლესობა დამოუკიდებლად არცერთ პარტიას არ აქვს.

პრობლემური ვითარება კი საკრებულოში 3 დეკემბერს, პირველივე სხდომაზე შეიქმნა, როცა პარტიის „საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, შედეგად კი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავდა, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრება იყო საჭირო.

სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, საკრებულოს სხდომა ჩაეტარებინა და თავმჯდომარეც აერჩია.

ამიტომ 3 ივნისამდე, საკრებულოს არშეკრების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უნდა გამართულიყო. თუმცა მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა არა საკრებულოს წევრებს, არამედ ცესკოს შეეძლებოდა და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებაც საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ამ მოცემულობით ოპოზიციას 17 წევრი ეყოლებოდა, ხოლო “ოცნებას” – 16.

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებამ ვითარება ისევ შეცვალა, რადგან თანაფარდობა კვლავ 16-16-ზე გახდა და ერთი მანდატისთვის ხელახალი არჩევნების გამართვა გახდა საჭირო მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში “ოცნება” ერთპიროვნულ მმართველობას მოიპოვებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები მაშინვე აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, „ერთი კვირის განმავლობაში ვახტანგ წურწუმიაზე იყო ზეწოლა“, მათ შორის, ე.წ „კანონიერ ქურდების“ მხრიდან.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიიჩნევს, რომ სენაკში უნდა ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები და ვითარებიდან გამოსავალი არ არის კენჭისყრის მხოლოდ სამ უბანზე ჩატარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი