ახალი ამბები

ხელაღებით არ დავგმობ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რუსების შემოშვებაზე — სააკაშვილი

1 ოქტომბერი, 2022 •
ხელაღებით არ დავგმობ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რუსების შემოშვებაზე — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ომში გასაწვევი რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება დემოგრაფიულ და უსაფრთხოების რისკებს ქმნის საქართველოსთვის.

ამავდროულად, ის ამბობს, რომ ხელაღებით არ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას მათი შემოშვებისთვის, რადგან ეს ეხმარება უკრაინას და მნიშვნელვანია საქართველოსთვისაც.

„რუსი წვევამდელების მასობრივი გადინება საქართველოში დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყანას, ასევე უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს. საზოგადოება ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი. მეორე მხრივ, ხელაღებით არც კი დავგმობ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათი შეშვების თაობაზე, რადგან რაც მეტი იქნება ეს მამაკაცი საქართველოში, მით უფრო ნაკლები უკრაინელი დაიღუპება. და ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, — აცხადებს სააკაშვილი.

ამავდროულად, მისი თქმით, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მუდმივად უნდა შეახსენოს ახალმოსახლეებს, რომ ისინი ოკუპანტები არიან და მკაცრად უნდა აკონტროლონ, რომ არ იყიდონ ქართული პასპორტები, რათა ჩამოართვან მათ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა.

„ასევე მუდმივად უნდა შევქმნათ სტიმული, რომ მაქსიმალურად გავიდნენ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში“, — დასძენს სააკაშვილი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი საქართველოა, რადგან აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში გაჩერება ერთი წლის ვადით შეუძლიათ.

რუსეთის მოქალაქების, ძირითადად კაცების, საქართველოში შემოდინების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა.

შსს: ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი