ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატებს არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს — ლომჯარია

30 სექტემბერი, 2022 •
“ოცნების” დეპუტატებს არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს — ლომჯარია

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, მმართველი პარტიის დეპუტატებს ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

ამის შესახებ ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ლომჯარიას ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატების კითხვებს მოჰყვა, რომელთაც ომბუდსმენისგან მეტ კონკრეტიკასა და ფაქტების დასახელებას მოითხოვდნენ.

“ვერ იქნება ისე, რომ ცალკეულ შემთხვევაში რაღაც აღქმებზე, „ფილინგებზე“ და რაღაცებზე დაყრდნობით იყოს, რომ თურმე კეზერაშვილის საქმე დაუსაბუთებელია. თქვენ ხართ ყველას სახალხო დამცველი, უფრო სწორად, უნდა იყოთ. ამაშია პრეტენზია და საქმე”, — მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა ღუდუშაურმა ლომჯარიას.

პასუხად ლომჯარიამ განაცხადა, რომ დეპუტატებმა სახალხო დამცველს პოლიტიკური ოპონირება კი არ უნდა გაუწიონ, არამედ უნდა მოუსმინონ.

“მეხუთე წელია გამოვდივარ პარლამენტში და შეგრძნება მაქვს, რომ პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან უბრალოდ არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს. კითხვები ისე დაისვა და კომენტარები გაკეთდა ისე, რომ მართლა ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც არის საპარლამენტო კონტროლის ორგანო და არ არის მმართველი პარტიის წევრების ოპონენტი.

სახალხო დამცველს პოლიტიკური ოპონირება კი არ უნდა გაუწიონ, არამედ უნდა მოუსმინონ. აიღონ ჩვენი რეკომენდაციები და შენიშვნები. ამ ტონით უნდა ესაუბრონ შესაბამის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, თავდასხმის ობიექტი სახალხო დამცველი კი არ უნდა იყოს,“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი