ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ “ნაწილობრივი მობილიზაცია” შეცდომების პირობებში მიმდინარეობს. პუტინმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, გამოასწორონ პროცესში დაშვებული შეცდომები და აღარ გაიმეორონ ისინი.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თითოეული მოქალაქე, რომელიც არმიაში შეცდომით გაიწვიეს, უკან უნდა დაბრუნდეს.
“მაგალითად, მხედველობაში მყავს მრავალშვილიანი მამები [რომლებიც არასწორად გაიწვიეს], ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით, ან ისინი, ვინც გაწვევის ასაკში უკვე აღარ არიან”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ცნობებს “შეცდომით” გაწვეულების შესახებ მოსახლეობისგან იღებენ.
მისი თქმით, უნდა გადამოწმდეს ყველა ასეთი შემთხვევა. ასევე პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლაში ჩართვამდე გაწვეულებმა დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. ამის შემდეგ ქვეყანა ათიათასობით მოქალაქემ დატოვა. ათასობით ადამიანი რუსეთის დატოვებას ჯერ კიდევ ცდილობს.