ახალი ამბები

ბელარუსი ახლოს მივიდა წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია, ის არ გადაიკვეთოს — პაპუაშვილი

28 სექტემბერი, 2022 • 741
ბელარუსი ახლოს მივიდა წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია, ის არ გადაიკვეთოს — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისი მინსკისგან განმარტებას ელოდება.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა — საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში. თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობებს, რომელიც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს“ და განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიმართულებით რამე ნაბიჯი არ გადაიდგმება.

„მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი. ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია, რომ ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ელჩის გამოწვევა ბელარუსიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრევენციისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ საჭიროა ძალიან ფხიზელი დიპლომატიური მიდგომა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით, რათა ბელარუსმა არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა იქნებოდა.

“საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპისთვის ადეკვატური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი თავის შედეგს გამოიღებს“, — დასძინა პაპუაშვილმა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი