ახალი ამბები

კალაძის თქმით, მერია მეტროსადგურ „ახმეტელზე“ მეორე ჩასასვლელის გაკეთებას გეგმავს

28 სექტემბერი, 2022 • 695
კალაძის თქმით, მერია მეტროსადგურ „ახმეტელზე“ მეორე ჩასასვლელის გაკეთებას გეგმავს

თბილისის მერიას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისთვის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის გაკეთება სურს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 28 სექტემბერს მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” თავდაპირველ პროექტში კიდევ ერთი შესასვლელი იყო გათვალისწინებული, რომელიც ამჟამად კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავს:

„მეტროშიც გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს, გადაყვანის  ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ.

კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურზეც და დედაქალაქის ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” ხალხის დიდი ნაკადის გადანაწილების პრობლემის მოგვარება დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი