ახალი ამბები

კალაძემ წილოსანს მეტროში ხალხის ნაკადების მოწესრიგება დაავალა

28 სექტემბერი, 2022 • 527
კალაძემ წილოსანს მეტროში ხალხის ნაკადების მოწესრიგება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ხალხის დიდი ნაკადის გადანაწილების პრობლემის მოგვარება დაავალა. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 28 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მერმა საუბრისას ორი მეტროსადგური: ახმეტელი და სადგურის მოედანი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ სადგურებზე ხალხის განსაკუთრებით დიდი ნაკადი გროვდება პიკის საათებში.

კალაძემ აღნიშნა, რომ „სადგურის მოედანთან“ დაკავშირებით სრული ინფორმაცია აქვთ და დეტალურად იციან პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც ვიქტორ წილოსანს მიმართა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაავალა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა:

„მე მინდა დავავალო ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველად სატესტო რეჟიმში შეიძლება გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, როგორც მაგალითად, ლონდონის მეტროში ვიცით, როგორ ხდება ნაკადების მართვა. შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ, ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით.

ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს. შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილოც, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ამიტომ დაიწყეთ ყველანაირად ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა. თუ გამოგვივა, ვნახოთ სატესტო რეჟიმში. პარალელურად ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე იმისთვის, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მეტროს ბაქნიდან მგზავრების აყვანის კუთხით პრობლემები არ ექმნება, თუმცა სხვა პრობლემების მოგვარებას მერია თანმიმდევრულად ცდილობს.

რაც შეეხება მეტროსადგურ ახმეტელს, კალაძემ განმარტა, რომ პრობლემები იქმნება მეტროსადგურის შესასვლელში, სადაც არ არის საკმარისი რაოდენობის ჩამსვლელ-ამომსვლელი. მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზე, დეტალურ ინფორმაციას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ტერიტორია, სადაც ჩამსვლელ-ამომსვლელებია, კერძო საკუთრებაა, თუმცა მუნიციპალიტეტი გეგმავს ამ ტერიტორიის დაბრუნებას და პრობლემის მოგვარებას.

გარეკანის ფოტო: თაკო კვაჭანტირაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი