ახალი ამბები

იტალიის მომავალი პრემიერი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება

28 სექტემბერი, 2022 • 1181
იტალიის მომავალი პრემიერი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯია მელონი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება, უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იტალიის ახალ მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„ძვირფასო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ, ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლების საქმეში. იყავი ძლიერი და შეინარჩუნე მტკიცე რწმენა“, – დაწერა საპასუხოდ მელონიმ Twitter-ზე.

ჯორჯია მელონი, უდიდესი ალბათობით, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. მისმა პარტიამ „იტალიის ძმებმა“ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მატეო სალვინი, სილვიო ბერლუსკონი და ჯორჯია მელონი. ფოტო: EPA

მელონის მემარჯვენე ალიანსი, ასევე, მოიცავს მატეო სალვინის ულტრამემარჯვენე ლიგას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულ Forza Italia-ს. მელონი საარჩევნო კამპანიის დროსაც აფიქსირებდა უკრაინისადმი მხარდაჭერას, თუმცა მის ორივე მოკავშირეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთთან. ბერლუსკონიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აიძულეს უკრაინაში შეჭრილიყო, მაშინ როცა სალვინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის მიმართ.

იტალიას ულტრამემარჯვენე მთავრობა და პირველი ქალი პრემიერი ეყოლება – წინასწარი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი