აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოები აძლიერებენ ძალისხმევას რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ისეთი სამხედრო გადაადგილებისა თუ კომუნიკაციის გამოსავლენად, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Politico ავრცელებს აშშ-ის 5 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ხსენებული ზომები მოიცავს დაზვერვის გაძლიერებას ჰაერში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში ისევე, როგორც კომერციული თანამგზავრების გამოყენებას, რომლებიც დედამიწის გამოსახულებას აფიქსირებენ. ეს იმისთვის, რომ დააკვირდნენ რუსულ ქვედანაყოფებს, რომლებიც, შესაძლოა, ბირთვული ბრძანების მისაღებად მზადყოფნაში იყვნენ.
გამოცემის თანახმად, ყურადღების ობიექტია პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მოქცეული რუსული ანკლავი კალინინგრადიც, სადაც კრემლმა ორმაგი დანიშნულების იარაღის სისტემები და ჰიპერბგერითი რაკეტები დაამონტაჟა. გასულ კვირას ონლაინ რადარებმა დააფიქსირეს აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი კალინინგრადის გარშემო, რომელიც, სავარაუდოდ, მონაცემებს აგროვებდა.
ბოლო წლებში რუსეთმა განაახლა რაკეტების შესანახი ობიექტები აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამაც გააჩინა შიში კალინინგრადში ბირთვული იარაღის შესაძლო კონცენტრაციაზე.
“ამ დროისთვის ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს… ჩვენ ამ საფრთხეებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ შეცვალოთ ჩვენი ბირთვული მზაობა”, — ეუბნება გამოცემას ლეიტენანტი ჯოშუა კელსი.
თუმცა გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ რაიმე სახის მინიშნება იმის შესახებ, რომ რუსეთის ლიდერმა ამ “წარმოუდგენელი” ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა ინიციატივის დასაბრუნებლად ან საერთაშორისო საზოგადოების დასაშინებლად, შესაძლოა, ძალიან გვიან გაცხადდეს. რატომ?
საქმე ის არის, რომ რუსეთის საჰაერო ფლოტის დიდ ნაწილს, ჩვეულებრივ სარაკეტო გამშვებებთან ერთად, ასევე შეუძლია მცირე ზომის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა. აღნიშნული იარაღი ბრძოლის ველზე უფრო მიზნობრივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, განსხვავებით, მაგალითად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისგან, რომელზე პასუხისმგებელი სამხედრო ქვედანაყოფის მზადყოფნაში მოყვანა უფრო მარტივი შესამჩნევია.
როგორც Politico წერს, ეს ნიშნავს, რომ თუ პუტინს ან მის სამხედრო მეთაურებს არ სურთ, მსოფლიომ წინასწარ იცოდეს ამის შესახებ, აშშ-მა, შესაძლოა, ვერასდროს გაიგოს, როდის შეცვალეს რუსულმა ძალებმა ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა ატომური ბომბებით.
მასალის ავტორის, პოლ მაკლერის სიტყვებით, ეს პრობლემა სულ უფრო შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა რუსეთი ცდილობს, ინიციატივა დაიბრუნოს უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი კი სულ უფრო არაპოპულარული ფიგურა ხდება რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
როგორც ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ეუბნება Politico-ს, სადაზვერვო სააგენტოები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი არ გარისკავს სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს უკრაინაზე ან ნატოს წევრ ქვეყანაზე მასობრივი თავდასხმით.
“ისინი არასოდეს გამოიყენებენ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს… ისინი არასოდეს გაუშვებენ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, არ გამოიყვანენ Tu-95 ტიპის ბომბდამშენს, რომელიც დატვირთულია მეგატონის კლასის ქობინით.
რასაც ისინი გააკეთებენ, არის მოკლე დისტანციის იარაღის გამოყენება. მათ აქვთ ქობინი, რომელსაც ჩვენ მიკრობირთვულს ვუწოდებთ, ათობით ტონიდან ასობით ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერებებით”, — ეუბნება აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი გამოცემას.
შედარებისთვის, ატომური ბომბების ფეთქებადი გამოსავლიანობა, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ჩამოყარა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იაპონიის ქალაქებში, ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე, იყო 15-დან 20 კილოტონამდე, ანუ 15 000-დან 20 000 ტონამდე.
“ეს მაინც დიდი ბომბია”, — ამბობს მაღალჩინოსანი, რომელიც მიანიშნებს მიკრობირთვულ ბომბებზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი გამოყენების პირობებში ძალიან მცირე ტაქტიკურ მიზნებზე კონცენტრირებაა შესაძლებელი და რადიაციის მასშტაბიც არ არის დიდი.
მეორე მხრივ, ასევე ცნობილია, რომ რუსეთს აქვს უფრო დაბალი გამოსავლიანობის ატომური იარაღი ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად, რომელიც ბევრად უფრო მძლავრია.
დაზვერვის მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო თვეებში გახშირდა გაფრთხილებები რუსეთის სამხედრო სტრატეგიაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე მზარდი დამოკიდებულების შესახებ.
ამერიკელი სამხედრო მეთაურები და დაზვერვის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პირველი მინიშნება სოკოს ფორმის ღრუბელი არ იქნება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ჯერაც აძლევს რჩევებს აშშ-ის სტრატეგიულ სარდლობას, აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის მთელი პერიოდის მანძილზე ადმინისტრაციამ “ძალიან დიდი დრო დახარჯა” იმის დასადგენად, რამდენად შეუძლია რუსეთის გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ადმინისტრაციის კომენტარები მიანიშნებს სადაზვერვო ინსტრუმენტების ნაზავის გამოყენებაზე, რომელიც მოიცავს როგორც ჯაშუშების ყოლას, ისე მიყურადების საშუალებებს. თუმცა ბირთვული იარაღის შესახებ რუსეთის გეგმების გამოაშკარავებას ართულებს მის არსენალში არსებული ორმაგი დანიშნულების იარაღი, რომლის შემთხვევაშიც ძნელია იმის იდენტიფიცირება, რისთვის სურს მოსკოვს მისი გამოყენება.
მიუხედავად ამისა, როგორც Politico წერს, შეიძლება არსებობდეს გარკვეული მინიშნებები, მათ შორის, შეიძლება იყოს უჩვეულო ქცევა იმ დანაყოფების მხრიდან, რომლებიც მცირე ზომის ბირთვული იარაღის გადატანაზე არიან პასუხისმგებელნი.
არის მოსაზრებაც, რომ პუტინის რეჟიმს შესაძლოა, სურდეს, წინასწარ აუწყოს სხვებს თავისი გეგმების შესახებ, დიპლომატიური ბერკეტების მოპოვების იმედით.
“ვფიქრობ, რომ თუ რუსები ამისთვის ემზადებიან, [შესაბამისი] სიგნალის მოცემასაც შეეცდებიან…” ,—ამბობს ფრანკლინ მილერი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ბირთვული პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში.
“ისინი მოჩვენებითად გამოიყვანენ ბირთვულ აღჭურვილობას სპეციალური საწყობებიდან; მოგვცემენ მინიშნებას, რომ საბრძოლო მასალა ცენტრალური საწყობებიდან საცეცხლე დანაყოფებში გადააქვთ, შემდეგ კი მოგვცემენ მეტ დროს, რომ ვიფიქროთ”, — დასძენს ის.
ომის დაწყების შემდეგ პუტინმა არაერთგზის შეფარულად მიანიშნა ბირთვული ან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, თუმცა მუქარა უფრო მკვეთრი გახდა გასულ კვირას, როცა მან თქვა, რომ მზადაა, გამოიყენოს რუსეთისთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაძლო საშუალება.
“ჩვენი ქვეყანა განაგებს განადგურების სხვადასხვა საშუალებას”, — თქვა პუტინმა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებენ.
საპასუხოდ აშშ-მა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.
აღნიშნულის შემდეგ, ორშაბათს, კრემლმა განაცხადა, რომ არარეგულარული კონტაქტი აქვს აშშ-თან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც, როგორც ჩანს, რიტორიკის შერბილებას შეეცადა, დასძინა რა, რომ რუსეთი არავის ემუქრება ბირთვული იარაღით.
თუმცა იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორიების ანექსიას გეგმავს, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა უფრო აშკარა მუქარა გაახმიანა:
“წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი იძულებული გახდა, გამოიყენოს ყველაზე საშინელი იარაღი უკრაინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა აგრესიის ფართომასშტაბიანი აქტი, სახიფათო ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის”.
“მე მჯერა, რომ ნატო პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში ამ სცენარითაც კი… ოკეანის გაღმა და ევროპაში დემაგოგები არ აპირებენ, დაიხოცონ ბირთვულ აპოკალიფსში.”
თავის მხრივ, აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის სპიკერმა თქვა, რომ ჯგუფი “ყოველთვის ფხიზლადაა და მზადაა საჭიროების შემთხვევაში პასუხისთვის”.