ახალი ამბები

რუსეთი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებს მათი მოქალაქეების დაბრუნებას არ მოსთხოვს

27 სექტემბერი, 2022 •
რუსეთი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებს მათი მოქალაქეების დაბრუნებას არ მოსთხოვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყაზახეთიდან და საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებას არ მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ Interfax ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უწყების განცხადებით აღნიშნული მოთხოვნით ამ ქვეყნების ხელისუფლებებს არ მიმართავენ:

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც ნაწილობრივი მობილიზაციის პროცესში ჩართული მხარე, არ გეგმავს მიმართოს საქართველოს, ყაზახეთის ან სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს რუსეთის იმ მოქალაქეების იძულებით დაბრუნების მოთხოვნით, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ მანამდე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ გეგმავდა რუსეთის იმ მოქალაქეების ექსტრადირებას, რომლებმაც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით დატოვეს ქვეყანა, თუ ისინი საერთაშორისო ძებნაში არ არიან.

Medusa აღნიშნავს, რომ ყაზახეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა რუსეთის მოქალაქეებში, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად ქვეყნიდან გარბიან. გამოცემა წერს, რომ 21 სექტემბრიდან დღემდე ქვეყანაში რუსეთის 98 ათასი მოქალაქე შევიდა, 64 ათასმა კი დატოვა.

დღეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტატისტიკა გაასაჯაროვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში რუსეთის 58 739 მოქალაქე შემოვიდა, 41 189-მა კი დატოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სტატისტიკას სრულად  გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი