ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობის სტუმრობა და პოლიციის კორდონი დევნილებისთვის გმირთა მემორიალთან

27 სექტემბერი, 2022 • 1750
მთავრობის სტუმრობა და პოლიციის კორდონი დევნილებისთვის გმირთა მემორიალთან

27 სექტემბერს, რომელიც ქართული მხარისთვის სოხუმის დაცემის დღეა [აფხაზებითვის გათავისუფლების დღე], დილის 9 საათიდან ათეულობით დევნილმა აფხაზეთიდან და ომში დაღუპულ გმირთა მშობლებმა თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემოიალთან შეკრება დაიწყეს.

დევნილებმა აქცია, რომელზეც მთავრობისთვის გზავნილები უნდა გაეხმიანებინათ, რამდენიმე კვირის წინ დაგეგმეს. თუმცა, საბოლოოდ, პოლიციის კორდონით შემოსაზღვრულებმა პრემიერს ხმა ვერ მიაწვდინეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს მემორიალთან 11 საათისთვის ელოდნენ. მანამდე პოლიცია დევნიელებს აფრთხილებდა, მემორიალის ცენტრალური ნაწილი დაეტოვებინათ, რასაც დევნილთა უკმაყოფილება მოჰყვა. საბოლოოდ, დევნილებმა პლაკატებზე ჩამოწერილი მოთხოვნებით მცირე აქციის ჩატარება პოლიციის კორდონს მიღმა შეძლეს.

აქციის ყველაზე აქტიური მონაწილე კი პრემიერის მოსვლამდე ტერიტორიას გაარიდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, სამგლოვიარო ცერემონიას ჩასაბერ-ინსტრუმენტული ორკესტრი შეუერთდა, რომელმაც უშუალოდ მთავრობის წევრების მოსვლის დროს დაუკრა, მათი წასვლის შემდეგ კი ასევე დატოვა ტერიტორია.

ხელისუფლება გმირთა მემორიალისკენ მიდის; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

ხელისუფლება გმირთა მემორიალისკენ მიდის; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

როდესაც მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო, დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და ტერიტორიას ტოვებდა, ყოფილმა დეპუტატმა, აფხაზეთიდან დევნილმა ადა მარშანიამ და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მშობლების ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერმა მათ პირადად არ გამოუცხადა სამძიმარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი