ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გზა გაიხსნა, საშვის აღება კი გართულდა – ახალი თავსატეხი ახალგორელებისთვის

26 სექტემბერი, 2022 •
გზა გაიხსნა, საშვის აღება კი გართულდა – ახალი თავსატეხი ახალგორელებისთვის

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


2022 წლის 20 აგვისტოს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონში “რაზდახანის” და ჯავის რაიონში ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტები გახსნა. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტები ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე იმუშავებს.

ამით პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საკუთარი დაპირება შეასრულა – გაყოფილ ოჯახებს კარი გაუხსნა და ამ რაიონების მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა, ქართულ კლინიკებში იმკურნალონ.

თუმცა აგვისტოს პირველი გამოცდილების შემდეგ გაგლოევის ინიციატივას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, მათ შორის, ბლოკადის მოხსნის მომხრეებს შორის. მათი აზრით, რაიონის მინიმუმ სამი მეოთხედი, განსაკუთრებით ისინი, ვინც სამხრეთ ოსეთს მიღმა ცხოვრობს, ამ შესაძლებლობის გამოყენებას ვერ შეძლებენ უკიდურესი ბიუროკრტიის პირობებში.

“რაზდახანის” გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრიდან დაკეტილი იყო. მას შემდეგ გამშვები პუნქტის რეჟიმი რამდენჯერმე შიცვალა, ხელისუფლება მიდიოდა დათმობებზე და კარს უხსნიდა სასოწარკვეთილ მოხუცებს შვილებთან შესახვედრად, მერე კი ისევ კეტავდა.

გადაადგილების უფლების შეზღუდვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაყოფილი ოჯახების ცხოვრება “ჯოჯოხეთად” ქცეულიყო. განსკუთრებით დაზარალდნენ მოხუცები, რომელთაც შვილები გამშვებ პუნქტს მიღმა დარჩათ, ასევე, ისინი, ვინც ქართულ პენსიას იღებდა წეროვანში და ხარისხიან ჯანდაცვას თბილისის კლინიკებში.

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე უარის გამო, ახალგორის რაიონში დაახლოებით 50 ადამიანი გარდაიცვალა. მათი დიდი ნაწილი პენსიონერი იყო. პაციენტებს თბილისში მკურნალობაზე უარს გადაჭრით არ ეუბნებოდნენ, თუმცა მოქალაქეებს სხვადასხვა ინსტანციაში პრეზიდენტ ბიბილოვის მიერ დაწესებული მრავალდონიანი და რამდენიმედღიანი პროცედურები უნდა გაევლოთ. “ინფარქტისა” და “ინსულტის” შემთხვევაში, რომლის დროსაც ყველა საათს მნიშვნელობა აქვს, თბილისამდე და მცხეთამდე პაციენტი ხშირად ცოცხალი  ვერ აღწევდა.

ალან გაგლოევი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის  დროს ახალგორში, მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაუხსნიდა მათ გზას. გაგლოევმა საკუთარი სიტყვა შეასრულა, თუმცა პრეზიდენტის ჰუმანურ ნაბიჯს ბიუროკრატიული ფორმალობები წონის.

არსებული რეგულაციით, დღეს სასაზღვრო ზოლის გადაკვეთა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მიერ გაცემული სპეციალური საშვის წარდგენის შემდეგ შეიძლება. იმის გამო, რომ საშვის მოქმედების ვადა 1-დან 3 წლამდეა, გამშვებ პუნქტს მიღმა მცხოვრებ ახალგორელთა საშვები უკვე ვადაგასულად მიიჩნევა.

შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაუშვა გამონაკლისი  – გამშვები პუნქტის გადაკვეთა ვადაგასული დოკუმენტით. წესები დროებითია და მხოლოდ 20 ნოემბრამდე იმოქმედებს, ამ დრომდე მოქალაქეებს ახალი დოკუმენტის აღება შეუძლიათ.

დროებითი რეგულაციის შესაბამისად, გამსვლელებს თან უნდა ჰქონოდათ საკუთარი ვადაგასული საშვი. ახალგორის ან ჯავის რაიონებში ყოფნის განმავლობაში კი ახალი საშვები აეღოთ.

მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის № 26-ის დადგენილებით “საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ორგანიზების შესახებ”,  სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის ქონის შემთხვევაში [ასეთებიც არიან წეროვანში], ახალი საშვის აღებამდე მოქალაქეს გამშვებ პუნქტს არ დაატოვებინებენ.

მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში კი, მისი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, დაკავების უფლება არ აქვთ, თუმცა, გამშვები პუნქტის მეორედ გადაკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

რეგულაციების პარალელურად, დღეს მთავარი კითხვაა – რა დრო სჭირდება ახალი დოკუმენტის გაფორმებას?

ჯერ კიდევ თიბილოვის პრეზიდენტობისას, როდესაც დოკუმენტებს უშიშროების სამსახური [КГБ] აფორმებდა, პროცედურა ერთი კვირიდან ორ თვემდე პერიოდს მოიცავდა. თუმცა მაშინ საშვის გაფორმება შესაძლებელი იყო წეროვანშივე, ახალგორის რიონის გადმოკვეთის გარეშეც.

წეროვანში არაფორმალური პუნქტები მუშაობდა, რომელიც განცხადებებს იბარებდა. როგორც წესი, განცხადებას თან ერთვოდა ორი ფოტოსურათი და 600 ლარი – 100 ლარი შუამავალისთვის, 500 კი-  “დისტანციური სერვისის” განხორციელებისთვის “მადლიერების” ნიშნად სახელმიფო კომიტეტის თანამშრომლებისთვის. რამდენიმე კვირაში შუამავლებს ახალი საშვები ჩამოჰქონდათ. ძველის ახალი საშვით შეცვლა კი ბევრად ნაკლები,  30 ლარი ღირდა.

ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ საშვების გადაცემის ფუნქცია ახალგორის რაიონის ადმინისტრაციას გადაეცა, რომელიც  სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსი ბიუროკრტიული ამოცანების შესასრულებლად  – რაიონის ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე ადმინისტრაციულ თანამდებობებს პირველად იკავებენ. რაიონის ხელმძღვანელი იქამდე მუშაობდა თავდაცვისა და შს სამინისტროებში, მისი მოადგილე კი  – ცხინვალში, თევზასჭერი ატრიბუტების მაღაზიაში.

თავიდან ადმინისტრაცია შეეცადა, აერიდებინა ზედმეტი ფორმალობები და განაცხადა, რომ ფოტოსურათებისა და უკან მიწერილი სახელ-გვარების გარდა, სხვა საბუთების შეგროვება აღარ იყო საჭირო. პირველ დღეებში ათასამდე ადამიანმა ჩააბარა ფოტოსურათი.

ცხრა დღის შემდეგ კი ხელმძღვანელობამ ახალი დოკუმენტები მოითხოვა – მათ შორის, ბინადრობის მოწმობა და სხვა ისეთი დოკუმენტები, რომლებიც აქამდე ჩამონათვალში არ არსებობდა. ამ მოთხოვნების შესრულებას კი წეროვანსა და თბილისში მცხოვრები ხალხი დისტანციურად ვერ შეძლებს.

თუ ძველი რეგულაციით, განცხადებას თან უნდა დართვოდა მუდმივი საცხოვრებლის შესახებ მოწმობა, სახელმწიფო გადასახადის ქვითარი, სამხრეთ ოსეთის პასპროტის ასლი [ქართულის პირადობის შემთხვევში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი] და ორი ფოტოსურათი, ახლა განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ასევე ცნობა სამსახურიდან [არგუმენტი უცნობია].

შესაძლოა, მოტივი იყო გადადგილების შეზღუდვა იმ პირთათვის, ვინც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს საიდუმლოებას ფლობს. ვინაიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები ვრცელდება არა მხოლოდ ძალოვნებზე, არამედ ყველაზე, ვინც ახორციელებს კონტროლს ბიუჯეტზე – საბიუჯეტო ორგანიზაციების მოლარეები და ბუღალტრები. ეს იყო ბიბილოვის ერთ-ერთი ახალი რეგულაცია, გრიფი საიდუმლო დაედოს სახელმწიფო ფულის ხარჯვას [მან საიდუმლო გახადა რუსეთის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვაზე აუდიტის მონაცემები].

კიდევ ერთი უცნაური ახალი რეგულაცია:  პასპორტის ასლის გარდა, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობის ასლი. თუმცა სამხრეთ ოსეთში აკრძალულია ასლის გაცემა სხვა პირებზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ექვსი ათასი მოსახლე წეროვნიდან ახალგორში უნდა ჩავიდეს და რიგში ჩადგეს.

გარდა ამისა, ახალგორის ახალი ადმინისტრაცია ითხოვს საშვებს მათგანაც, ვისაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვს. ამ შემთხვევაში, პროცედურა კიდევ უფრო რთულდება.

საშვი ან ფორმა №9 არის დოკუმენტი, რომელიც თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ბინადრობის მოწმობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ, ვინც სამხრეთ ოსეთის პასპორტს ფლობდა, გამშვები პუნქტების გადაკვეთისთვის არ სჭირდებოდათ ე.წ. პროპუსკი. თუმცა 2019 წელს საშვების მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც დაიწყეს.

ეს, ერთი შეხედვით, აბსურდული რეგულაცია კორუფციის ზრდის რისკებსც აჩენს. 2015-2016 წლებში დაახლოებით ექვსი ათასმა სამხრეთ ოსეთს მიღმა მცხოვრებმა ახალგორელმა საშვი აიღო [შესაძლო კორუფციული პორტფელი  – 600 000 ლარი შუამავლებისთვის და 3 000 000- კგბ-ს თანამშრომელბისთვის].

როდესაც საშვების მიღებაზე მოთხოვნა შემცირდა, უშიშროების უწყებამ გადაწყვიტა, “ბაზარი” შეევსო მათით, ვისაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქობა ჰქონდა. ექვსი ათას დევნილს დაუმატეს დაახლოებით ორი ათასი ახლგორელი სამხრეთ ოსეთის პასპორტით, თუმცა მათი “გაყვლეფა” ვერ მოასწრეს – 2018 წელს ამ საკითხთან დაკავშირებთ ცხინვალში კორუფციული სკანდალი მომწიფდა, რომელიც დღემდე არ არის გარკვეული.

ამის შემდეგ ქრთამს აღარ იღებდნენ, თუმცა საშვების გაცემა მხოლოდ ნაცნობობით ხდებოდა. მხოლოდ ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ახალგორელთა გულის მოსაგებად ანატოლი ბიბილოვმა საშვების გარკვეული რაოდენობა დაარიგა.

ადგილობრივი ესპერტების შეფასებით, მოქმედი საშვები ამჟამად აქვს მოსახლეობის, დაახლოებით მესამედს, დანარჩენები კი დოკუმენტის გამოცვლას საჭიროებენ.

იმის მიუხედავად, რომ საშვებთან დაკავშირებით მუშაობა რაიონის ხელმძღვანელობას დაავალეს, უშიშროების სამსახური რჩება მნიშვნელოვან რგოლად, რომლის გარეშეც დოკუმენტის გაცემა შეუძლებელია – მან უნდა გასცეს დასკვნა, რომ საშვის გაცემა ამა თუ იმ მოქალაქეზე არ ეწინაააღმდეგება სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, კომიტეტის წარმომადგენლები ფუნქციის წართმევის გამო გაბრაზდნენ ხელისუფლებაზე და ახლა განცხადებების განხილვის პროცედურას  გააზრებულად ართულებენ.

პირველი თვის განმავლობაში, რაიონულმა ადმინისტრაციამ დაახლოებით 150-მდე განაცხადი მიიღო, მაგრამ არცერთ მოქალაქეს ახალი საშვი ჯერ არ მიუღია.

საშვების განახლებას საჭიროებს დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი. ნათელია, რომ რაიონის ჩინოვნიკები ამ ამოცანას 20 ნოემბერისთვის ვერ გაუმკლავდებიან. არაოფიციალურ დონეზე ჩინოვნიკები არწმუნებენ რაიონის მცხოვრებლებს, რომ ძველი საშვების მოქმედება გაგრძელებულია ახალ წლამდე, თუმცა წეროვნელებისთვის ეს არასაკმარისი დროა, ისინი ელოდებიან ოფიციალურ განცხადებებს გამშვები პუნქტების კვეთის წესის ცვლილებების შესახებ, რომელიც მათ გარანტიას მისცემს, ახალგორიდან შეზღუდვების გარეშე დაბრუნდნენ.

გარდა ამისა, უკვე ახლავე ცხადი ხდება, რომ ასეთი ტემპებით რაიონული ხელმძღვანელობა ვერ მოასწრებს საშვების გაცემას ვერც ახალ წლამდე და ვერც გაზაფხულამდე. შესაბამისად, საჭიროა წესების შეცვლა. სხვა შემთხვევაში, ფიასკოდ იქცევა გაგლოევის მორალური გამარჯვება, რომელმაც ვერ შეძლო მარტივი პროცედურის მოგვარება. ადგილობრივი ექსპერტები პრობლემის გადაჭრის მარტივ და ეფექტურ ვარიანტს სთვაზობენ, რომელიც ითვალისწინებს ძველი დოკუმენტების ერთი წლით ან სხვა ვადით გახანგრძლივებას, რომლის დროსაც ჩინოვნიკები დოკუმენტების შეცვლის უფრო მისაღებ ვარიანტს მოიფიქრებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი