ახალი ამბები

ლომჯარიას თქმით, მისი მოადგილე ბურჯანაძე ომბუდსმენის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას განიხილავს

26 სექტემბერი, 2022 • 823
ლომჯარიას თქმით, მისი მოადგილე ბურჯანაძე ომბუდსმენის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას განიხილავს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას განიხილავს.

ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 26 სექტემბერს, განაცხადა.

„ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ.  ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ვერ გეტყვით. ეს არის პირადად მისი გადასაწყვეტი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თავად გიორგი ბურჯანაძესაც, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნაა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

თუმცა, მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სწორედ ნინო ლომჯარიას მაგალითზე ამბობდა, რომ ოპოზიციისთვის „არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლებოდა“.

შესაბამისად, „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ დგას.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

მასალების გადაბეჭდვის წესი