ახალი ამბები

ლუკაშენკო პუტინს: დაე, გაიქცნენ, რომ დარჩენილიყვნენ, ჩვენი ხალხი იქნებოდა?

26 სექტემბერი, 2022 • 1024
ლუკაშენკო პუტინს: დაე, გაიქცნენ, რომ დარჩენილიყვნენ, ჩვენი ხალხი იქნებოდა?

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შესახებ ისაუბრა. ლუკაშენკომ პუტინს მოუწოდა, „გაქცეულებზე“ არ იდარდოს და განაცხადა, რომ ეს პირები რუსეთში დარჩენის შემთხვევაშიც „მათი ხალხი“ არ იქნებოდა:

„დაე, გაიქცეს 30 ათასი, 50 ათასი. რა, აქ რომ დარჩენილიყვნენ, ჩვენი ხალხი იქნებოდა? დაე, გაიქცნენ. არ ვიცი, თქვენ ამას როგორ ხედავთ, მე დიდად არ მიდარდია, როცა რამდენიმე ათასი გაიქცა 2020 წელს. ბევრი მათგანი უკან დაბრუნებას გვთხოვს. ისინიც დაბრუნდებიან. უბრალოდ, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცევით მათთან მიმართებით“, — უთხრა ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. ქვეყნიდან გასვლის მეორე ტალღა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი