ახალი ამბები

მოვუწოდებთ პარლამენტს, დროულად აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები – ISFED

26 სექტემბერი, 2022 •
მოვუწოდებთ პარლამენტს, დროულად აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები – ISFED

„სამართლიანი არჩევნები“(ISFED) პარლამენტს მოუწოდებს, რომ შეასრულოს კანონის მოთხოვნები და დროულად შეავსოს ცესკოში არსებული ვაკანსიები.

კერძოდ, 5 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევი პირები, ხოლო დარჩენილი ერთი წევრის ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდა, რადგან ვერ შეირჩა კანდიდატურები. 26 აგვისტოს პრეზიდენტმა დარჩენილ ადგილზე ასარჩევადაც წარადგინა კანდიდატები.

ISFED-ის განცხადებით, პარლამენტი ცესკოში დასანიშნ პირებს ირჩევს, როგორც წესი, შესაბამისი კანდიდატურის წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შესაბამისად, ორგანიზაცია ამბობს, რომ 5 აგვისტოდან მოყოლებული, დადგენილი 2-კვირიანი ვადა გასულია.


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ამოიწურა. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა 13 ივლისს გამოაცხადა კონკურსი პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მიზნით.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრების თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის, მოგვეიანებით, კი, ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისათვის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილი იყო მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილიც, რომელიც კონკურსში მესამედ მონაწილეობდა. თუმცა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა, რაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, განპირობებული იყო იმით, რომ ცესკოს მოქმედმა წევრებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად და მუდმივად ერთი და იმავე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს გაძლიერებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი