ახალი ამბები

მელია პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს

24 სექტემბერი, 2022 • 889
მელია პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ გუნდის შიგნით „აზრთა ჭიდილია“, რასაც მიესალმება.

როგორც მელია ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ამბობს, პარტიაში კარგად აცნობიერებენ მათ როლს მომდევნო არჩევნებში და აღნიშნავს, რომ იმისათვის რომ ცვლილებები ქვეყანაში მოახდინონ, ეს საკუთარი პარტიით უნდა დაიწყონ:

„პარტია უნდა იყოს იმ ევროპულ ყაიდაზე განვითარებული, რომელიც უმტკივნეულოდ შეძლებს ქვეყნის მართვას შესაბამისი სტანდარტებით. დაწყებული მხარდამჭერების მეტი ჩართულობით, დემოკრატიის მეტი ხარისხით, ეს ყველაფერი იწვევს დისკუსიას, საუბარს, მაგრამ ცივილურ ჩარჩოებს ეს დებატები არ გაცდება. გაცნობიერებული გვაქვს ჩვენ ჩვენი როლი“ – ამბობს ნიკა მელია.

ჟურნალისტმა მელიას ჰკითხა იყვნენ თუ არა მისი თანამოაზრეები დავით კირკიტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, ლევან ცისკარიშვილი და სხვა პირები, რაზეც მელია აცხადებს, რომ ისინი თანამოაზრეები არიან, რამდენადაც საერთო მიზანი ამოძრავებთ, თუმცა ამ მიზნის მიღწევის გზებზე აზრთა სხვადასხვაობაში თავად პრობლემას ვერ ხედავს:

„გინახავთ სადმე რომელიმე მათგანის მხრიდან განსხვავებული პოზიცია? მე მიხარია იმიტომ რომ ბევრს ქართული პოლიტიკა ჰგონია უნდა იყოს მაინცდამაინც ჩამოკიდებული ერთ ორ ან სამ ადამიანს და არ უნდა ჰქონდეს საკუთარი იმიჯი, ხელწერა, შეხედულება და ხედვა. ამის დეფიციტს მე მაგალითად ვხედავდი. მე მეამაყება, როდესაც პარტიაში შესაძლებელია და იქნება წახალისებული ეს პროცესი, თუკი იქნება მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი და ამის საჯაროდ გამოტანის აუცილებლობა იქნება წავახალისებ ყველამ თავის პოზიცია დააფიქსიროს. იქნება ეს ხაბეიშვილი, კირკიტაძე ბოტკოველი თუ სხვა“ – ამბობს ნიკა მელია.

ინგა გრიგოლიამ მელიას ასევე ჰკითხა თუ იყო საუბარი მისი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებაზე, რაზეც მელია აცხადებს, რომ ეს მოსაზრება 0.1 პროცენტითაც არ შეესაბამება რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი