ახალი ამბები

რუსეთში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

24 სექტემბერი, 2022 • 843
რუსეთში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთის ფედერაციის მასშტაბით დღეს, 24 თებერვალს გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეები ქვეყნის 25 ქალაქში გამოვიდნენ. აქციის 150 მოქალაქე პოლიციამ მოსკოვში დააკავა, პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში კი 70-70 მოქალაქე დააპატიმრეს.

გამოცემა წერს, რომ აქციები ასევე დაკავებებით დასრულდა ირკუტსკში, ტომსკში, ხაბაროვსკში, სარატოვსა და სხვა ქალაქებში. ჯამში, ამ დრომდე 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი