ახალი ამბები

ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების სოლიდარობა წულუკიანს

23 სექტემბერი, 2022 • 1065
ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების სოლიდარობა წულუკიანს

თეა წულუკიანის სოლიდარობის ნიშნად პარლამენტის ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა დღეს, 23 სექტემბერს, ბრიფინგი გამართეს.

კერძოდ, წულუკიანს სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადეს ხათუნა სამნიძემ, ანა ბუჩუკურმა, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაის თქმით, ნებისმიერი ქალი, რომელიც არის პოლიტიკაში, განიცდის უთანასწორობას და სოლიდარობას იმსახურებს, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა.

„არ შეიძლება მინისტრი ქალი იყოს იმ დგომარეობაში, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას მამაკაცებთან ურთიერთობა. ნებისმიერი ქალი, რომელიც არის პოლიტიკაში, განიცდის უთანასწორობას. მისი ხარისხი შესაძლოა განსხვავებული იყოს.

ამიტომ, ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც არის პოლიტიკაში და განიცდის უსამართლობას, მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სოლიდარულები და ყოველთვის დავიცავთ მათ ინტერესებს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

გუშინ, 22 სექტემბერს, პარლამენტში მოსმენისას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას, როგორც სპორტის ქალ მინისტრს, ბევრი პრობლემა აქვს სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობაში, რომელიც ქალის უფლებებს ეხება. წულუკიანმა მიანიშნა, რომ მასზე ხელითაც გაიწიეს.

„ზოგადად ძალადობა სპორტში სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა. მათ შორის პრობლემაა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო არ იყოს მიჩნეული, რომ მოიტა ფული და  არაფერი მკითხო.  ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ ეს ფული, შეუძლია, როგორც უნდა, ისე გამოიყენოს და მერე თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ა.შ. მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც ვარ და არ გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.

თუმცა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია რომელ ფედერაციას გულისხმობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი