ახალი ამბები

ზონდერმინისტრის როლს ასრულებთ – სამადაშვილი წულუკიანს

22 სექტემბერი, 2022 • 821
ზონდერმინისტრის როლს ასრულებთ – სამადაშვილი წულუკიანს

„თქვენ, გარდა იმისა, რომ ახლა, ამ წუთში ზონდერმინისტრის როლს ასრულებთ, კულტურის სფეროში მიგავლინეს, რომ იქ პოლიტიკური დისციპლინა დაამყაროთ“, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში მოსმენისას თეა წულუკიანს.

სამადაშვილის თქმით, წულუკიანმა გელათის კომპლექსს „გასაიდუმლოებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა და ინფორმაციას მალავს იმის შესახებ, თუ იქ რა ხდება.

როგორც სამადაშვილი ამბობს, წულუკიანი ცდილობს, ამით თანაგუნდელების დანაშაული დაფაროს.

„განათლებით იურისტი ხართ, თუმცა ამას ვერ ვხედავ თქვენს საქმიანობაში, ყველაზე ხშირად თქვენ წინააღმდეგ გამოაქვს განაჩენი თქვენსავე მართულ სასამართლოსაც კი.

მაგრამ შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორც იურისტთან, საქართველო, რომელიც არის ვენეციის ქარტიის ხელმომწერი მხარე, ვალდებულია, ამ ქარტიის მე-16 მუხლის თანახმად წარადგინოს ანგარიშები ყველა სამუშაოზე, რაც ტარდება მისი კულტურული ძეგლების შენარჩუნების თუ აღდგენის მიზნით.

ქალბატონო თეა, მაინტერესებს, რატომ არ აქვეყნებთ ამ ანგარიშებს? ხომ ბევრად მარტივი იქნებოდა საზოგადოებისთვის, რომ გაეგო, რა ხდებოდა 2008-დან 2012 წლამდე, 2012 წლიდან 2016 წლამდე და რა ხდება ახლა, როცა თქვენ ხართ კულტურის მინისტრი? რეალობა კი არის მარტივი, ხელს აფარებთ დანაშაულს, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების და თქვენი პოლიტიკური გუნდის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უარს ამბოს პასუხი აგოს იმაზე, თუ რა ხდებოდა გელათში 2021 წლის მარტამდე, ანუ კულტურის მინისტრად მის დანიშვნამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი