ახალი ამბები

11 NGO ოპოზიციას სასამართლოში ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს

22 სექტემბერი, 2022 •
11 NGO ოპოზიციას სასამართლოში ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ ისაუბრეს ყოფილმა მოსამართლეებმა, ნათია ქუთათელაძემ და ანა ღელეყვამ, ასევე, ბესარიონ ალავიძემ.

„ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით. შეკითხვები ეხება სასამართლო საქმეთა განხილვაში შესაძლო უკანონო ჩარევებს, საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო მანიპულირებას, კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებს სასამართლო სისტემაში, მოსამართლეთა დანიშვნების დროს შესაძლო არაჯეროვან გარიგებებს და ზეწოლას“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ების აზრით, ეფექტიან გამოძიებას საჭიროებს მედიაში გახმაურებული და ამ დრომდე გამოუძიებელი გარემოებები:

  • 2015 წელს სამოსამართლო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების, სავარაუდოდ, წინასწარი გავრცელება;
  • ყოფილი მოსამართლეების — ლალი ლაზარაშვილის, თამაზ ჯალიაშვილის, ნუნუ ნემსიწვერიძის, ნათია ქუთათელაძის, ანა ღელეყვას, ბესარიონ ალავიძის განცხადებები მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევების თაობაზე;
  • სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი მოსამართლეთა მიერ ქონების და შემოსავლების სავარაუდო გადამალვის თაობაზე;
  • აღძრული და “თაროზე შემოდებული” საქმეების მეშვეობით მოსამართლეების დაშანტაჟება;
  • სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადება ხელისუფლების მხრიდან ბესარიონ ალავიძის საქმიანობაში უკანონო ჩარევის თაობაზე.

არასამთავარობო ორგანიზაციებს საზოგადოებაში დასმულ კითხვებზე სიმართლის დადგენის ეფექტიან მექანიზმად ესახებათ პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. ისინი მოუწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციას, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით.

განცხადებას უერთდებიან:

  1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  2. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  3. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  4. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  6. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  7. უფლებები საქართველო
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  9. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  11. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

მასალების გადაბეჭდვის წესი