ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო – კობახიძე

21 სექტემბერი, 2022 • 842
აშშ-ის ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ  მმართველი პარტიიდან წასულ ოთხ დეპუტატთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადება შეურაცხმყოფელი იყო. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუეწყებელთან ისაუბრა.

კერძოდ, კობახიძის თქმით, ელჩის მხრიდან შეურაცხმყოფელი იყო „ოცნებიდან“ წასული ოთხეულის განცხადებების ტყუილად და რუსული ტიპის დეზინფორმაციად შეფასება.

„უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო, სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი. მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ, სოზარ სუბარი, ხომ? რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, ხომ?  სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდა ადამიანებს ეს ყველაფერი.

არის მიშა ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ასეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა, და მათზე ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას.

ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რა თქმა უნდა, აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.


დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეზე და ამის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. მოგვიანებით სამეულს შეუერთდა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი