ახალი ამბები

აშშ-სთვის ცნობილია, რომ პუტინი შესაძლოა, მობილიზაციის გამოცხადებას განიხილავდეს – სალივანი

21 სექტემბერი, 2022 • 730
აშშ-სთვის ცნობილია, რომ პუტინი შესაძლოა, მობილიზაციის გამოცხადებას განიხილავდეს – სალივანი

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ვაშინგტონისთვისთვის ცნობილია, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას განიხილავდეს.

მისი თქმით, რუსეთში შესაძლო მობილიზაციის შესახებ ცნობები მიუთითებს იმ სირთულეებზე, რომელსაც პუტინი უკრაინაში ომის დროს აწყდება.

„ისევე როგორც ფსევდორეფერენდუმის მომზადების შემთხვევაში, ეს არის რუსეთის სირთულეების ასახვა უკრაინაში. მას [პუტინს] შეუძლია ნაწილობრივ მობილიზაციას მიმართოს, რათა კიდევ უფრო მეტი რუსი აიძულოს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომში“, – თქვა სალივანმა.

როგორც სალივანი ამბობს, რუსეთს „მეტი ხალხი სჭირდება“ არა მარტო დონბასში, სადაც ისინი შეტევას აგრძელებენ, არამედ იქ, სადაც ცდილობენ შეაკავონ უკრაინის ჯარების კონტრშეტევა.


დღეს, 20 სექტემბერს, რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ომის დროს ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება და სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მკაცრად დაისჯება. ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „მობილიზაციის, სამხედრო მდგომარეობის და ომის დროს“ ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, დეზერტირობა და ასევე მაროდიორობაც ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად – სასჯელის ზომად კი 10-დან 15 წლით პატიმრობა განისაზღვრა.

გარდა ამისა, ომის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მრწამსის გამო დაისჯება სამ წლამდე პატიმრობით.

ცვლილებები რუსეთის სათათბირო ორგანოში ყველა პარტიამ ერთდროულად წარადგინა.

დღესვე დაგეგმილი იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  მიმართვა, სადაც მობილიზაციის გამოცხადებას ვარაუდობდნენ. თუმცა პუტინის მიმართვა გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი