ახალი ამბები

სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტის ავტორიზაციის წინაპირობა უნდა იყოს – იოსელიანი

20 სექტემბერი, 2022 • 905
სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტის ავტორიზაციის წინაპირობა უნდა იყოს – იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტების ავტორიზაციისთვის წინაპირობად უნდა ჩაიდოს. ამის შესახებ მან დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტში ისაუბრა.

იოსელიანის თქმით, რეგიონიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს ბინების დაქირევება უჭირთ, რადგან უძრავი ქონების ფასები გაზრდილია და იმისათვის, რომ შვილებს განათლება მისცენ, მშობლები ქვეყნიდან მიდიან.

როგორც იოსელინი ამბობს,  დღეს არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზოს.

„ხომ შეიძლება სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე?! დღეს რომ სტუდენტი მივიდეს და ბინის ქირაობაზე დაელაპარაკოს, უნივერსიტეტებს სასაცილოდ არ ეყოფათ. ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს პროცესი როგორაა, ყველამ კარგად ვიცით –  იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს სთავაზობენ შეღავათიან ფასად. ყველანაირ პირობებს უქმნიან სტუდენტებს, რომ მათ ცოდნაზე იფიქრონ და არა თავის გატანაზე თვითადან თვემდე[…]

რა უნდა გააკეთონ უნივერსიტეტებმა და სახელმწიფომ?! – 6 წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია. დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ 6 წლისთავზე მათ ეს ავტორიზაციის პირობად ჩადონ, 6 წლისთავზეც იგივე პრობლემის წინაშე ვიქნებით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ელემენტარული განათლება მისცენ“, – განაცხადა ლევან იოსელინმა.


რატომ ძვირდება ბინები, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება — ნეტგაზეთი ამ კითხვებზე პასუხების პოვნას შეეცადა.

რა ეშველებათ სტუდენტებს — სწავლა იწყება, ბინები კი კვლავ ძვირია

მასალების გადაბეჭდვის წესი