ახალი ამბები

„ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

20 სექტემბერი, 2022 • 937
„ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

„ქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოახდინა.

ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.  გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფი ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი პირობის შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.

მიქანაძის თქმით, წარმოდგენლი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე.

მისი თქმით, ამავდროულად, ცვლილებები პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიქანაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს:

  • 2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს ექნება შესაძლებლობა, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. ელექტორნული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.
    იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა, ამომრჩეველთან მიმართებაში იმოქმედებს მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
  •  ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000- ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და გახდება 4000 ლარი.
  • ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება 2 თვიდან 3 წლამდე.
  •  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30- დღიანი ვადა განახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება.
  •  თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი, ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი დაექვემდებარება გადათვლას.
  •  მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.
  • გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, განისაზღვრება 3 დღით.
  • შეზღუდვები დაუწესდება პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად.
  • დაწესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.
  • განმტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
  • გაფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე მათ შესაძლებლობა ექნებათ, არასაარჩევნო პერიოდში დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს.
  • თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა. დღეს თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ- ლარიანი ზედა ზღვარი მცირდება 30- მილიონიან ზედა ზღვრამდე.

„წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით ინიცირებული კონკრეტული გეგმა და მიზნობრივი ნაბიჯები ორიენტირებულია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნება პარლამენტის მიერ, დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისიწნებით, პროცესი გაგრელდება მეორე და მესამე მოსმენის ფორმატში. ჩვენი მიზანია, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღება განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა მიქანაძემ.


პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED) არ დაუშვა.

მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.  ევროკავშირის მოწოდება კი პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაა.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია, სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა ISFED-ის დაბლოკვას პარლამენტის სამუშაო ჯგუფში და განაცხადა, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი