ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ტერიტორიულ მთლიანობას ყველა შესაძლო გზით დავიცავთ” – სომხეთი

20 სექტემბერი, 2022 • 1635
“ტერიტორიულ მთლიანობას ყველა შესაძლო გზით დავიცავთ” – სომხეთი

“სომხეთი დაიცავს საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა შესაძლო გზით. აზერბაიჯანის ჯარი უნდა გავიდეს სომხეთის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – ამის შესახებ 19 სექტემბერს, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით გამართულ სომხეთის უშიშროების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

უშიშროების საბჭოს განცხადებით, “აზერბაიჯანის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკა მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის, რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მთიანი ყარაბაღის პრობლემის ყოვლისმომცველი დარეგულირების წინააღმდეგ და სომხეთისთვის ძალადობრივი გზით პრობლემის გადაჭრის იძულებით. მიუღებელია აზერბაიჯანის მიერ წარმოებული პოლიტიკა მუქარითა და იძულებით. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მუდმივი ზეწოლა განახორციელონ აზერბაიჯანზე ოკუპაციის შესაჩერებლად”, – ნათქვამია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა მისი ტერიტორია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა. ამასთან, სომხური მხარის ცნობით, შეტაკებების შედეგად  დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა რაოდენობა 207-ს აღწევს. ასევე 200 -ზე მეტი დაიჭრა.

აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ სამხედრო შეტაკება სომხეთის მხრიდან პროვოკაციით იყო განპირობებული.

სომხური მხარის ინიციატივით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომეხ და აზერბაიჯანელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი