ახალი ამბები

კიკეთში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

19 სექტემბერი, 2022 • 807
კიკეთში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ კიკეთში 17 სექტემბერს მომხდარი მკვლელობისა და რამდენიმე ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალი ერთ პირს წარუდგინეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს სოფელ კიკეთში,  ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ბრალდებული, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).

დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი