ახალი ამბები

გასაჩივრების გამო ComCom-ის გადაწყვეტილების აღსრულება არ ჩერდება — კომისიის წევრი

19 სექტემბერი, 2022 • 861
გასაჩივრების გამო ComCom-ის გადაწყვეტილების აღსრულება არ ჩერდება — კომისიის წევრი

კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე აცხადებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

„ყველა ეს ცვლილება გამომდინარეობს ევროკავშირის, ევროკომისიის და იმ ევროდირექტივების მოთხოვნებიდან, რომლის იმპლემენტაციაც უნდა განხორციელდეს ჩვენს სახელმწიფოში“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს პარლამენტში საკომიტეტო განხილვის შემდეგ.

მისი თქმით, „კომუნიკაციების კომისია არც არსებულ ბერკეტებს იყენებს ბოროტად,- არ იყენებს, არ გამოუყენებია და არც მომავალში გამოიყენებს“.

ამასთან, ივანე მახარაძის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ამა თუ იმ მაუწყებლის დაჯარიმებაზე თითქოს ავტომატურად ჩერდება იმ შემთხვევაში, თუკი მაუწყებელი სასამართლოს მიმართავს და თითქოს ეს წესი იცვლება.

„სასამართლო განიხილავს კონკრეტულ საქმეს. თუ ჩათვლის, რომ შეჩერების საფუძველი არსებობს, მაშინ შეიძლება შეჩერდეს [აღსრულება]. მაგალითად, უკანასკნელი 100 გადაწყვეტილება რომ ავიღოთ კომუნიკაციების კომისიის, მხოლოდ 2-ზე ჩათვალა საჭიროდ სასამართლომ, რომ შეჩერების უფლებამოსილება გამოეყენებინა“, – განაცხადა ივანე მახარაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გარემოებას, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში არ იწვევს აღსრულების ავტომატურად შეჩერებას:

„არც შეიძლება დარგის რეგულატორის გადაწყვეტილება ავტომატურად ჩერდებოდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს დარგის ჩამოშლა საერთოდ. ამიტომაც არის ამის შესახებ მკაფიო ჩანაწერი დირექტივაში… სასამართლოში დავის დაწყება ავტომატურად არ აჩერებს. ამაზე ცალკე უნდა იმსჯელოს სასამართლომ“, – განაცხადა მან.


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში – არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით წარადგინეს პარლამენტში, თუმცა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით გაგრძელდება.

2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ასახელებენ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.

კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, ცვლილებების ნაწილი მედიის მდგომარეობას აუარესებს და შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი