რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ალა პუგაჩოვას მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკას არ უპასუხებს.
ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, თუ აპირებს კრემლი რაიმე ზომის მიღებას პუგაჩოვას კრიტიკის გამო .
„მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კრემლს არანაირად არ ეხება“, – ამბობს პესკოვი.
ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი გააკრიტიკა. ალა პუგაჩოვამ სოც. ქსელში კრიტიკული პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი, რომელიც მანამდე არაერთგზის შეეწინააღმდეგა ომს, რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა.
„გთხოვთ, შემიყვანოთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოეთის აგენტების სიაში”, — დაწერა პუგაჩოვამ ინსტაგრამზე.
“იმიტომ, რომ მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ქმარს, რომელიც არის პატიოსანი და ეთიკური ადამიანი, რუსეთის ჭეშმარიტი და გულახდილი პატრიოტი, რომელსაც მხოლოდ კეთილდღეობა, მშვიდობა და გამოხატვის თავისუფლება სურს სამშობლოში”, — ამატებს მომღერალი.
წაიკითხეთ ვრცლად:
პუგაჩოვა ომს ღიად შეეწინააღმდეგა – რას (არ) ცვლის ეს რუსეთში
