“ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება”, – ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული გამოცემა Wall Street Journal საქართველოს შესახეებ აქვეყნებს სტატიას.
სტატია ეხება თბილისში დაანონსებულ ტრამპ ტაუერის საკითხს.
“თბილისში ცათამბჯენის აშენება იგეგმება იმ მიწაზე, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულ მილიარდერთან დაკავშირებული ფონდისგან გამოისყიდეს”, – წერს გამოცემა.
ელიოტ ბრაუნის და ევან გერშკოვიჩის სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.
ბოლო წლებში შეერთებული შტატების ურთიერთობები კავკასიის ქვეყანასთან, საქართველოსთან, თბილიდან ცივისკენ შეიცვალა, რადგან ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განსხვავებული აზრის ჩახშობა დაიწყო და ვლადიმერ პუტინის რუსეთს დაუახლოვდა.
ერთადერთი ამერიკული ბიზნესი, რომელიც ამ ცვლილებამ ვერ შეაჩერა, არის Trump Organization.
ამ კვირაში ქართველი დეველოპერების ჯგუფი გეგმავს თბილისის ტრამპ ტაუერის მარკეტინგული კამპანიის დაწყებას, წარმოადგენს რა იმ ცათამბჯენის რენდერებს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს. ქართულმა საინვესტიციო ფირმებმა ტრამპების ოჯახის კომპანიასთან 70-სართულიანი კოშკის ბრენდინგის ხელშეკრულებას ხელი მაისში მოაწერეს.
უცხოური ტრამპ ტაუერების ბაზარი ყვავის, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში კერძო დეველოპერები აბუ-დაბიდან, ვიეტნამიდან და მალდივებიდან რიგში ჩადგნენ, რათა თავიანთი სასტუმროებისა და გოლფის მოედნების პროექტები ტრამპის სახელით შეემკოთ.
პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შეშფოთების ფონზე, Trump Organization-მა პირობა დადო, რომ არ დადებდა უცხოურ გარიგებებს, რითაც ფაქტობრივად შეაჩერა ახალი ბიზნეს-აქტივობები. თუმცა ტრამპის მეორე ვადის დროს პრეზიდენტის ბიზნესმა მოხსნა ეს თვითდაწესებული შეზღუდვა და გარიგებებიც უხვად მოდის.
გასულ წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოური ქონების ლიცენზირების გარიგებებიდან 59 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 2024 წლის 45 მილიონ დოლარს აღემატება და გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა საანგარიშო წელს.
დეველოპერები, როგორც წესი, Trump Organization-ს უხდიან წინასწარ გადასახადს (ბოლო დროს დაახლოებით 5 მილიონ დოლარს), შემდეგ კი- შემოსავლის ნაწილს, თუმცა დეტალები შესაძლოა განსხვავდებოდეს. რესტორნის ფრენჩაიზის მსგავსად, დეველოპერებს სანაცვლოდ შეუძლიათ თავიანთი პროექტები ტრამპ ტაუერად დააბრენდონ, იმ პირობით, რომ ის აკმაყოფილებს დიზაინისა და მომსახურების სხვადასხვა სტანდარტს. ტრამპების ოჯახი ხშირად ეხმარება პროექტების მარკეტინგში და ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე.
ტრამპმა განაცხადა, რომ ბიზნესს მისი სახელით მისი ვაჟები მართავენ და თავად არ არის ჩართული. Trump Organization-მა კომენტარზე უარი თქვა. მანამდე კომპანიამ უარყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და განაცხადა, რომ ბიზნეს-გარიგებები ადმინისტრაციის პოლიტიკისგან განცალკევებულია.
დემოკრატებმა და მმართველობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მთელი მსოფლიოდან მიღებული შემოსავალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ახალ პოტენციურ კონფლიქტებს წარმოშობს. ზოგიერთ დეველოპერს, რომლებიც Trump Organization-ს ფულს უხდიან, აშშ-ის მთავრობასთან სხვა საქმიანი ინტერესებიც აქვს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი მოქმედებს მხოლოდ ამერიკელი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მის ბიზნესებთან ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. თეთრი სახლის სპიკერმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.
საქართველოს ყველაზე მაღალი კორპუსისთვის ტრამპის სახელის მინიჭების პერსპექტივა საგარეო-პოლიტიკურ უთანხმოებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
საქართველო ოდესღაც აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი იყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის: 2005 წელს ჯორჯ ბუში-უმცროსი ჩამოფრინდა თბილისში, რათა ქვეყანა „თავისუფლების შუქურად“ გამოეცხადებინა. საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) გაწევრიანების კანდიდატი იყო. მას შემდეგ ურთიერთობები გაუარესდა, რადგან საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაიმსახურა აშშ-ის რისხვა განსხვავებული აზრის ჩამხშობი კანონმდებლობისა და სხვა ქმედებების გამო, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან დააახლოვა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ გააკრიტიკა დემოკრატიული უკუსვლა. ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც ცივი დარჩა: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ წელს გამართულ მოსმენაზე, როგორც ჩანს, საქართველოს უწოდა „ანტიამერიკული მთავრობის“ მქონე ქვეყანა.
ამავდროულად, პროექტმა ფინანსური სარგებელი მოუტანა 2024 წლის ბოლოს აშშ-ის მიერ სანქცირებული ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს.
როდესაც 2023 წელს დეველოპერებმა დადეს გარიგება ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებადი ფონდისგან მიწის შესყიდვის თაობაზე, ისინი დათანხმდნენ, ფონდისთვის 85 მილიონ დოლარამდე თანხა მოგვიანებით გადაეხდათ. ამას აჩვენებს საქართველოს კორპორაციული ჩანაწერები. დეველოპერებმა თანხა დროთა განმავლობაში განვადებით გადაიხადეს და გარიგება სრულად ივლისში დასრულდა, განაცხადა პროექტის სპიკერმა.
ანალიტიკოსების მიერ ივანიშვილი ფართოდ განიხილება, როგორც ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი. მან ქონება რუსეთში დააგროვა, სანამ 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ თავისი დაფუძნებული პარტიის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა.
ივანიშვილს, რომლის სასახლეც თბილისს გადაჰყურებს, პოლიტიკური ოპოზიციის ძალადობრივ ჩახშობაშიც ხშირად ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს 2024 წლის არჩევნების გაყალბებაში, რამაც გამოიწვია თითქმის ორწლიანი რეგულარული ქუჩის საპროტესტო აქციები. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება ლეგიტიმური იყო.
გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შემდგომი დასჯისკენ გადადგა ნაბიჯი, მიიღო რა ორპარტიული მხარდაჭერით კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის მთავრობას საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი და ყოფილი წევრების, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სანქციების დაწესების საკითხის განხილვას ავალებდა.
„ქართული ოცნება ყოველდღიურად შეურაცხყოფს პრეზიდენტ ტრამპს თავისი ანტიამერიკული პროპაგანდით“, – ნათქვამია სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებაში, რომელიც კანონპროექტს მხარს უჭერდა.
ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.
ეს კორპუსი წარმოადგენს ქვეყანაში დეველოპერების მიერ ტრამპის ცათამბჯენის აშენების მეორე მცდელობას. თხუთმეტი წლის წინ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში დეველოპერებმა Trump Organization-ს დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ავანსი გადაუხადეს თავიანთი ცათამბჯენისთვის ტრამპის სახელის მისანიჭებლად. მოგვიანებით ბრენდინგის გარიგება ჩაიშალა.
უახლესი მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს ნიუ-იორკელი დეველოპერი ალექს საპირი საქართველოს ეწვია და ადგილობრივ დეველოპერებს შეხვდა, თქვა მოვლენების განვითარებაში ჩახედულმა პირმა. საპირის ოჯახმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ნიუ-იორკში ააშენა Trump SoHo. უძრავი ქონების მემკვიდრემ ჯგუფი Trump Organization-ს წარუდგინა.
ამას მოჰყვა მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ხოლო მაისში ქართველი ინვესტორების ჯგუფი – მათ შორის კონგლომერატ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე და ყოფილი პარლამენტარი, რომელიც „ქართულ ოცნებასთანაა“ აფილირებული, ილია წულაია – სამხრეთ ფლორიდაში გაფრინდა მარ-ა-ლაგოში ერიკ ტრამპთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მაისში გარიგების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში წულაიამ თქვა, რომ შენობა შექმნის „ღირსშესანიშნაობას, რომელიც შეცვლის ჰორიზონტს და აამაღლებს საქართველოს პოზიციას გლობალურ სცენაზე“.
ქართველი ანალიტიკოსები ამ გარიგებას განიხილავენ, როგორც ბიზნეს-საზოგადოების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთგვარი სამშვიდობო ჟესტის შეთავაზებას, რითაც მიანიშნებენ, რომ მათ კვლავ სურთ აშშ-თან ღია ურთიერთობის შენარჩუნება იმ დროს, როდესაც დიპლომატიური არხები შეზღუდულია.
„ეს პროექტი ძირითადად ტრამპის ადმინისტრაციასთან გარკვეული კავშირის ქონას ისახავს მიზნად“ ,- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა, ეკონომისტმა და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა. „მისი მიზანი შესაძლოა პიარული მიზეზებიც იყოს.“
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მართლაც დაუახლოვდა რუსეთს და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები თაროზე შემოდო, თბილისი ერიდება, მოსკოვზე ზედმეტად დამოკიდებული გახდეს იმ პირობებში, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ მისი ტერიტორიის მეხუთედი კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება.
თავად წულაია გასულ წელს იყო იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ვაშინგტონში გაემგზავრა კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად, რათა საქართველოსა და აშშ-ს შორის უკეთესი კურთიერთობების უპირატესობები წარმოეჩინა.
ამ ვიზიტის განმავლობაში დელეგაციამ ცხადყო, რომ დაინტერესებული იყო გზების გამონახვით, რათა ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გაეუმჯობესებინა და სანქციებისაგან გათავისუფლებისთვის მიეღწია, თქვა მოლაპარაკებებში ჩართულმა აშშ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა. „თითოეული ქვეყნისთვის სხვადასხვა მიდგომა არსებობს“,- თქვა ყოფილმა მაღალჩინოსანმა,- „მათ პოზიტიური დაახლოება სურთ.“
