შვედეთის არჩევნებში ცენტრისტული-მემარცხენე ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობას.

როიტერსის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მემარცხენე ბლოკი, რომელსაც სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს, 349-ადგილიან პარლამენტში 176 მანდატს მოიპოვებს. ეს მონაცემები ეფუძნება შვედეთის 6 312 საარჩევნო უბნიდან 6 195-ის ხმებს.

პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის მემარჯვენე მმართველი ბლოკი 173 მანდატს იღებს. ხმების დათვლა გრძელდება, ხოლო საბოლოო შედეგებს, სულ მცირე, ოთხშაბათისთვის ელიან.

“არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა შეცვალოს შვედეთის პროდასავლური და პროუკრაინული კურსი, შეიძლება გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ დაჩქარდება კრისტერსონის მცდელობა, მიგრაციასთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე, მკაცრი შეზღუდვები დააწესოს”, – წერს როიტერსი.

გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვლინდეს, სანამ არ დაითვლება საზღვარგარეთიდან შემოსული ყველა ბიულეტენი.

„ეს ძალიან დაძაბული რბოლაა, ძალიან გრძელი ღამე იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, სოციალ-დემოკრატებმა საკმაოდ კარგი არჩევნები ჩაატარეს“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერმა და ექიმმა ადონაი ენდრიას კიდანემ ]არჩევნების შემდგომ ცენტრალურ სტოკჰოლმში პარტიის შეკრებაზე.

წინასაარჩევნო დაპირებაში კრისტერსონმა დაარღვია დიდი ხნის ტაბუ და განაცხადა, რომ მთავრობაში მოიყვანდა „შვედ დემოკრატებს“ — ულტრამემარჯვენე პარტიას, რომელსაც ნეონაცისტური ფესვები აქვს, რადგან მისი მიზანი უმრავლესობის მქონე მემარჯვენე კოალიციის შექმნაა.

“10,6-მილიონიანი სკანდინავიური ქვეყნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სიფრთხილე გამოხატა და აღნიშნა, რომ კრისტერსონის მიერ ულტრამემარჯვენეების მთავრობაში მიწვევა ზედმეტი იყო. კრისტერსონის კრიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ მისი საიმიგრაციო პოლიტიკა, წახალისებებითა და ჯარიმებით, რომლებიც აიძულებს მიგრანტებს, ან უფრო მეტად მოერგონ შვედურ კულტურულ ნორმებს, ან დატოვონ ქვეყანა, სამოქალაქო თავისუფლებებს ძირს უთხრის.

კრისტერსონი თავისი ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ კამპანიის ბოლო კვირებში სხვაობა შეამცირა, მაშინ როცა ანდერსონმა და მისმა სოციალ-დემოკრატებმა პოზიციები დაკარგეს”, – წერს საინფორმაციო სააგენტო.

ხმის მიცემის დასრულებიდან რამდენიმე საათში კრისტერსონმა განაცხადა, რომ ინარჩუნებს იმედს, კვლავ შეძლებს უმრავლესობის შეკვრას იმ რვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის, რომლებმაც პარლამენტში ადგილები მოიპოვეს. მისი თქმით, მისი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ოპოზიციის.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამაღამ დაფიქსირებული შედეგები შენარჩუნდება, მე შევისწავლი, შესაძლებელია თუ არა მთავრობის სიცოცხლისუნარიანი შემადგენლობის პოვნა… რომელიც შეძლებს უზრუნველყოს მხარდაჭერა იმ ფისკალური პოლიტიკის, რომელსაც შვედმა ამომრჩევლებმა მისცეს ხმა“, – თქვა მან.

როიტერსის თანახმად, ანდერსონის ბლოკი დაყოფილია უთანხმოებებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მიგრაცია (სადაც მას სურს უფრო შემზღუდავი ხაზი, ვიდრე ზოგიერთ მის პარტნიორს), მილიარდერებზე გადასახადის დაწესება და ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა. მის ბიუჯეტებს შეიძლება გაუჭირდეს მხარდაჭერის მოპოვებაც, იმის გათვალისწინებით, რომ „მემარცხენე პარტია“ (შვედეთის ყოფილი კომუნისტური პარტია) და „ცენტრის პარტია“, რომელიც თავისუფალი ბაზრის პოლიტიკას უჭერს მხარს, ბევრ ეკონომიკურ საკითხზე ერთმანეთს ვერ უგებენ.

„შვედი დემოკრატების“ საარჩევნო წარმატებას მიესალმებოდნენ ევროპის აღმავალი ულტრამემარჯვენე პარტიები, რომლებიც გასულ კვირას გააძლიერა გერმანიის მიწის არჩევნებში ანტიიმიგრანტული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებამ.

ულტრამემარჯვენეებს იმედი აქვთ, რომ ევროპის მასშტაბით მომავალ არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ, სადაც მათი ყველაზე დიდი მიზანი მომავალ წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლე პენის კამპანია იქნება.

“დიდი ხნის განმავლობაში შვედეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა იყო ემიგრანტებისთვის, სანამ ოთხი წლის წინ ხელისუფლებაში კრისტერსონი არ მოვიდა. მისმა მთავრობამ გააუქმა მუდმივი ბინადრობის უფლება ლტოლვილებისთვის, გაამკაცრა სოციალური უზრუნველყოფის წესები და გააძლიერა იმ პირთა დეპორტაცია, ვისაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ ჰქონდა”.