ახალი ამბები

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას SJC და საია არ დაესწრებიან

19 სექტემბერი, 2022 • 929
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას SJC და საია არ დაესწრებიან

დღეს, 19 სექტემბერს, პარლამენტში დაგეგმილ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრისა (SJC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურო იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას იმიტომ არ დაესწრებიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის არჩევნებთან დაკაშირებით შექმნილ ჯგუფში, მონაწიელეობის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“(ISFED) არ მისცა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გაუმჭვირვალე პროცესი შექმნა და მხოლოდ ორ სამოქალაქო ორგანიზაციას მოგვცა ჯგუფის წევრობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ამ დრომდე არ წარმოუდგენია მართლმსაჯულების რეფორმის მისეული ხედვა და თვითონ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზეც ყველა ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია ან იგნორირებული, ან უარყოფილი იყო, ჩვენც და საიაც სრულად ვაგრძელებდით ამ პროცესებში მონაწილეობას.

ორივე ორგანიზაცია ამ დრომდე გამართულ ორივე შეხვედრაზე მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულად და არგუმენტირებულად წარგვედგინა ჩვენი პოზიციები სასამართლოში გასატარებელ რეფორმებზე. ჩვენი ხედვები წერილობითაც წარვუდგინეთ იურიდიულ კომიტეტს და თუკი მათი მხრიდან რაიმე ინტერესი იქნება, ცხადია, უფრო დეტალურადაც და არგუმენტირებულადაც შეგვიძლია ჩვენი პოზიციების ახსნა.

დღეს ამ ჯგუფის მესამე შეხვედრა იმართება თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ და არც ჩვენ და არც საია მასზე დასწრებას არ ვაპირებთ. ამის მიზეზი ძალიან მარტივია – მმართველმა გუნდმა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ისფედის მონაწილეობა დაბლოკა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაფხულში გამართულ აქციებში მონაწილეობდა“, – წერს იმნაძე სოციალურ ქსელში.

იმნაძის თქმით, არ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისი ხუშტურებით გადაწყვიტოს“, რომელი ორგანიზაციის ხმა გახმიანდება სამუშაო ჯგუფში და რომლის – არა.

როგორც გურო იმნაძე ამბობს, ISFED-ის დაბლოკვა მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის გაშავება არაა და მმართველი გუნდის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა, რომ ვისაც უნდა და როცა უნდა, მას ჩახსნის სამუშაო პროცესებიდან.

მისი თქმით, ეს არაა დემოკრატიული, თანასწორობაზე და ჩართულობაზე მიმართული დამოკიდებულება და ასეთი მიდგომებით წარმართულ პროცესში საკუთარი ორგანიზაციის ადგილს ნამდვილად ვერ ხედავს.

„რაც შეეხება ამ ორგანიზაციის დაბლოკვის „არგუმენტს“ – არაერთხელ და საჯაროდ მეც მითქვამს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის ჩავარდნის და კანდიდატის სტატუსის მოუპოვებლობის გამო, ამ ქვეყანაში ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ყველაზე ლოგიკურად, ეს პასუხისმგებლობა მოქმედ პრემიერს და მის სამთავრობო გუნდს ეკუთვნით.

ის, რომ ასეთ პოზიციას სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი აფიქსირებს, არათუ ჩვენი უფლებაა, ზოგ შემთხვევაში ეს ჩვენი პროფესიული მოვალეობაცაა. მაგალითად, 5-6 ივლისის დროს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ღიად გამოგვიცხადა, რომ უწყება საზოგადოებრივ წესრიგს ვერ დაიცავდა და სხვადასხვა ჯგუფს ამის გამო კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობაზე უარი ეთქვათ – ეს პირდაპირ აყენებდა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს.

ამ შემთხვევაშიც, თუკი ვხედავთ, რომ სამთავრობო გუნდი იყო დემონსტრაციულად არაეფექტური, მათი რიტორიკა და გადაწყვეტილებები მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმოპოვებაზე, ქვეყნის იზოლაციაზე და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაშავებაზე – ეს ნაბიჯები პირდაპირ შეუთავსებელია ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებასთან და მოსახლეობის ინტერესებთან. ასეთ დროს მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არათუ სუბიექტურობა ან პოლიტიკური ანგაჟირებაა, არამედ პროფესიული ეთიკის და პრინციპების ბოლომდე მიყოლაა“, – წერს იმნაძე.

ამასთან, გურო იმნაძე აღნიშნავს, რომ გააგრძელებენ თავიანთი ხედვების სხვადასხვა გზით ადვოკატირებას და საკომიტეტო განხილვებშიც ჩაერთვებიან.


პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო საკითხებზე მუშაობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“(ISFED) არ დაუშვა.

მმართველი გუნდის განცხადებით კი, ISFED ნეიტრალურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო ჯგუფთა შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნა.  ევროკავშირის მოწოდება კი პროცესის ინკლუზიურობა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაა.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება “მაგიდის აყირავებას” ცდილობს და მისი მიზანია, სამუშაო ჯგუფი სხვებმაც დატოვონ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა ISFED-ის დაბლოკვას პარლამენტის სამუშაო ჯგუფში და განაცხადა, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი