გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დარყდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კვირის ბოლომდე სომხეთში გამგზავრებას გეგმავს.
სპიკერი პელოსის ვიზიტი, „პოლიტიკოს“ თანახმად, „ხაზს გაუსვამს ერევნის მიმართ მხარდაჭერას“ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე.
გამოცემის თანახმად, ნენსი პელოსისთან ერთად ერევანში გაემგზავრება წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯეკი სპეიერი (კალიფორნიის წარმომადგენელი, რომელიც კონგრესში სომხეთის მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობს).
ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას გეგმავენ.
ჯერჯერობით არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარები ვიზიტის შესახებ.
მხარეებს შორის დაპირისპირება, – რასაც მრავალწლოვანი ისტორია აქვს, – კიდევ ერთხელ 12-13 სექტემბრის მიჯნაზე განახლდა.
კერძოდ, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
ბაქომ განაცხადა, რომ მისი მოქმედებები გამოწვეული იყო სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით „ფართომასშტაბიანი პროვოკაციით“, – რაც ერევანში უარყვეს.
სომხური მხარის ცნობით, დაპირისპირებებისას დაეღუპათ 105 სამხედრო პირი, აზერბაიჯანის ცნობით კი – 71. ამასთან, საბრძოლო მოქმედებებს სომხეთში სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 14-15 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა.
პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, ამას მისი თანამდებობა შეეწირებოდა თუ არა, მზად იყო, აზერბაიჯანთან შეთანხმებისთვის მიეღწია.
მის განცხადებას ერევანში, – მოგვიანებით სხვა დიდ ქალაქებშიც, – საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის ფონზეც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ მოუწერია ხელი და არც აპირებს.