ახალი ამბები

კრიტერიუმების შესრულება საქართველოს საქმეა, ჩვენ დაგეხმარებით — შოლცი

14 სექტემბერი, 2022 • 1184
კრიტერიუმების შესრულება საქართველოს საქმეა, ჩვენ დაგეხმარებით — შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა, შეასრულონ ეს კრიტერიუმები. მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული“, — განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, ევროკომისიის 12 პირობის შესრულება არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა. მინდა დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის სამწუხარო გამოცდილება — 2008 წელს მას თავს დაესხნენ და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას, აარიდოს თავი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის“, — განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

გერმანიის კანცლერის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი