ახალი ამბები

„როიტერსი“: ომის დასაწყისში პუტინი არ დაკმაყოფილდა უკრაინის უარით ნატოზე

14 სექტემბერი, 2022 • 2296
„როიტერსი“: ომის დასაწყისში პუტინი არ დაკმაყოფილდა უკრაინის უარით ნატოზე

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში ომის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა პირველად, არაფორმალურ შეთანხმებაზე, რასაც მისმა წარმომადგენელმა კიევთან მიაღწია და რაც ითვალისწინებდა უკრაინის ნატოში შესვლაზე უარს – რუსეთის წამოყენებული პირობიდან ძირითად საკითხს.

გამოცემა წერს, რომ ეყრდნობა სამ წყაროს, რომლებიც „ახლოს არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან“.

„როიტერსის“ ინფორმაციით, უკრაინული წარმოშობის პოლიტიკოსმა, დმიტრი კოზაკმა,  რომელსაც „როიტერსი“ მოიხსენიებს „პუტინის მთავარ წარმომადგენლად“, პუტინს უთხრა, რომ მისი შეხედულებით, შეთანხმება, რასაც კიევთან მიაღწია, ხსნიდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ოკუპაციის კამპანიის საჭიროებას.

„კოზაკის რეკომენდაცია იყო, პუტინი დათანხმებოდა ამ შეთანხმებას“, – იუწყება გამოცემა.

ვლადიმერ პუტინი ომამდე ხშირად იმეორებდა, რომ ნატო და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა რუსეთის ფედერაციის საზღვარს, რაც უსაფრთხოების რისკებს ქმნიდა რუსეთისათვის, რუსეთისთვის კი უკრაინის ნატოში მიღება დაუშვებელი იყო.

„პუტინის განცხადებით, ეს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიდა რუსეთს, რაც მას აიძულებდა, ემოქმედა“, – წერს „როიტერსი“.

თუმცა „როიტერსი“ ასევე იუწყება, რომ როდესაც პუტინს ეს შეთანხმება წარუდგინეს, მან ხაზი გაუსვა, რომ კოზაკის გეგმა „საკმარისად შორს არ მიდიოდა“ და მისი მიზანი იყო უკრაინის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილების ანექსირება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, როდესაც ამ საკითხზე „როიტერსმა“ კითხვა დაუსვა, განაცხადა, რომ „ამას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან და მსგავსი არაფერი მომხდარა“.

კოზაკს კომენტარი არ გაუკეთებია.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „რუსეთი არასოდეს დაინტერესებულა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით“. უკრაინის მთავრობაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ უშუალოდ კოზაკთან მოლაპარაკებებზე, რაზეც „როიტერსი“ წერს.

„როიტერსის“ ცნობით, 6 წყარო ეუბნება, რომ დმიტრი კოზაკი ამ დრომდე რჩება კრემლის აპარატის უფროსად, თუმცა უკრაინის საკითხზე აღარ მუშაობს.


2021 წლის ბოლოს, – უკრაინის საზღვარზე შეიარაღებული ძალების მობილიზების ფონზე, – მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი ეთქვათ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, რაზეც უარი მიიღო.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ უტევს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.


1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა — შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა — აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“.

ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან. თუმცა რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.

ამასთან, 2010 წელს, პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს, უკრაინამ კანონმდებლობით განსაზღვრა უბლოკო სტატუსი.

მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მანამდე კი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.

მაიდნის მოვლენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში უკრაინამ უბლოკო სტატუსზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი