ახალი ამბებიეკონომიკა

ზამთარში ევროპაში შეიძლება გაზის ფასი განახევრდეს – Goldman Sachs

14 სექტემბერი, 2022 • 2730
ზამთარში ევროპაში შეიძლება გაზის ფასი განახევრდეს – Goldman Sachs

ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიზის თანახმად, ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ ზამთარში მოსალოდნელ ენერგოკრიზისთან გამკლავება.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ბანკის თანახმად, ასევე მოსალოდნელია, რომ ზამთარში გაზის ფასები განახევრდება.

ბანკი ვარაუდობს, რომ ტიპური ზამთრის პირობებში, ანუ თუ არ დაფიქსირდება ტემპერატურის განსაკუთრებული ვარდნა, ერთი მეგავატი საათის ოდენობის ბუნებრივი აირის ფასი  215 ევროდან 100 ევრომდე შემცირდება და ეს მოხდება მომდევნო წლის პირველ კვარტალში.

ანალიზის მიხედვით, ოქტომბრისთვის ევროკავშირი შეძლებს გაზის მარაგების 90 პროცენტით შევსებას, მაშინ როდესაც მიზანი 80 პროცენტი იყო.

ამჟამად ევროპული სახელმწიფოები ბუნებრივი აირის მარაგის შექმნას ცდილობენ, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი ზათრის პირობებში გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს, ან სრულიად შეწყვეტს კონტინენტზე ენერგოკრიზისის შესაქმნელად.

გარდა მარაგების შექმნისა, ევროპული მთავრობები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ნაკლები ენერგია გამოიყენონ, რათა ენერგიის იმპორტზე მოთხოვნა, შესაბამისად კი, ფასები შემცირდეს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კრემლი ცდილობს, ენერგიის მიწოდება ევროპის შანტაჟისთვის გამოიყენოს. ევროკავშირში კი მსჯელობენ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, რაც კრემლს არ მისცემს საშუალებას, ენერგომანიპულაციების გზით დიდძალი მოგება ნახოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი