ახალი ამბები

კობახიძის თქმით, „ოცნება“ თანახმაა, 2024-დან არჩევნებში ელექტრონული აპარატურა გამოიყენოს

13 სექტემბერი, 2022 • 979
კობახიძის თქმით, „ოცნება“ თანახმაა, 2024-დან არჩევნებში ელექტრონული აპარატურა გამოიყენოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზადაა, 2024 წლიდან არჩევნებში ფართოდ გამოიყენონ ელექტრონული ტექნოლოგიები. კობახიძის თქმით, საუბარა ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის მიცემის მოწყობილობების გამოყენებაზე, რისი გამოცდილებაც საქართველოში უკვე არსებობს:

„სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

გასულ წელს სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა, სულ მცირე, ამომრჩეველთა 70 პროცენტზე გავრცელდება:

„კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის, ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობასთან კომუნიკაციაშია და არის მზაობა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისთვის ფინანსები გამოიყოს.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ცვლილებები არ შეეხება დიასპორას. მისი თქმით, შესაძლოა მსგავსი აპარატურა საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც დაიდგას, თუმცა სხვა სახის ცვლილება აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში არაა განსაზღვრული.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი