ახალი ამბები

2021 წელს საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს ჩვენი 81 მოქალაქე – ლილუაშვილი

9 სექტემბერი, 2022 • 671
2021 წელს საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს ჩვენი 81 მოქალაქე – ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ 2021 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ 81 მოქალაქე დააკავეს.

მათგან, ლილუაშვილის თქმით, 11 მოქალაქე დააკავეს აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო 70 – ცხინვალის მიმართულებით. მან ირაკლი ბებუას მაგალითი გამოჰყო:

„2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, მათ შორის, ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა 9 წლის ვადით“, – განაცხადა მან.

სუს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაკავებულები გათავისუფლდებიან:

„გვსურს დავარწმუნო, პირველ რიგში უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე, პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“, – განაცხადა მან პარლამენტში.

დღეს პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ – მან სუს-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა საკანონმდებლო ორგანოს.

ლილუაშვილის განცხადებითვე, 2021 წელს სუს-მა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო „ბორდერიზაციის“ 9, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 130 შემთხვევა დააფიქსირა:

„ეს ხორციელდებოდა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებით, ისე ძველების განახლებით, ხნულების განახლებით და ე.წ საზღვრის აღვმიშვნელი ბანერების აღმართვით“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი