ახალი ამბები

ბავშვები დამყავს კერძო სკოლაში, სადაც მომეწონა სწავლის ხარისხი – კობახიძე

9 სექტემბერი, 2022 • 6163
ბავშვები დამყავს კერძო სკოლაში, სადაც მომეწონა სწავლის ხარისხი  – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას შვილები კერძო სკოლაში დაჰყავს და ამაში გარკვეულ უხერხულობას ხედავს.

მისი თქმით, შვილებისთვის კერძო სკოლა სწავლის ხარისხის გამო შეარჩია.

„მე, პირადად კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. კონკრეტული კერძო სკოლა იყო, სადაც მომეწონა სწავლის ხარისხი და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ უმრავლესობაში უამრავი დეპუტატია, რომელსაც საჯარო სკოლებში დაჰყავს ბავშვები, ეს ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ის, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის სწავლების ხარისხი განსხვავებდა, სერიოზული გამოწვევაა და რომ არა პანდემია, მთავრობა აპირებდა, რომ განათლებაში მეტი რესურსი ჩაედო.

„ზოგადად, კერძო სკოლას აქვს იმის ფუფუნება, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს ხარისხის უზრუნველყოფისთვის. რაც შეეხება სახელმწიფოს, ბუნებრივია, მისი რესურსი არის შეზღუდული და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკაზე. ჩვენი ეკონომიკა არის ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5000 დოლარი და გერმანიის ეკონომიკა არის 10-ჯერ მეტი. აქედან გამომდინარე, გერმანიას შეუძლია 10- ჯერ მეტი ინვესტიცია ჩადოს სკოლის ხარისხში, ვიდრე საქართველოს. ეს განაპირობებს საჯარო სკოლებში იმაზე დაბალ ხარისხს, ვიდრე არის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და თანდათანობით ეს უნდა განვითარდეს. ამას სჭირდება კონცეპტუალური მიდგომა, რაზეც მუშაობს განათლების კომიტეტიც.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ უნდა მოვახერხოთ მეტი საბიუჯეტო რესურსის ჩადება განათლებაში. თავის დროზე გეგმა იყო, რომ მშპ-ის 6% უნდა ჩადებულიყო განათლებაში, მათ შორის ზოგად განათლებაში, თუმცა კოვიდის გამო ეს შეიცვალა. იმედია, მოვახერხებთ და დავუბრუნდებით ამ ნიშნულს. არის რა თქმა უნდა, ამაში [შვილების კერძო სკოლაში შეყვანაში] გარკვეული უხერხულობა. ასეთია რეალობა და მოცემულობა. არის უამრავი დეპუტატი, რომელსაც საჯარო სკოლაში დაჰყავს შვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობახიძის ორივე შვილი კერძო სკოლაში დადის. ორი ბავშვის სწავლაში კობახიძე 18 ათას ლარს ხარჯავს წელიწადში.

მასალების გადაბეჭდვის წესი