ახალი ამბები

ვფიქრობ, გაცნობიერებული აქვს, რომ ჩამოსვლა შეცდომა იყო — ედუარდ სააკაშვილი

9 სექტემბერი, 2022 • 912
ვფიქრობ, გაცნობიერებული აქვს, რომ ჩამოსვლა შეცდომა იყო — ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მამის პრიორიტეტი არის თავისი ჯანმრთელობა და არა — პოლიტიკური მიზნები.

„მისი სხეულიც და გონებაც უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მგონი, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა იყო შეცდომა, და ეს მისგან არაერთხელ გამიგია. ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა”, — განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

ედუარდ სააკაშვილმა მამა დღეს საავადმყოფოში მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ის საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკიდან გასვლა სურს, რადგან უკრაინის პოლიტიკა აინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი