ახალი ამბები

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების საპილოტე პროექტს „ბკ ქონსთრაქშენი“ განახორციელებს

9 სექტემბერი, 2022 • 1210
თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების საპილოტე პროექტს „ბკ ქონსთრაქშენი“ განახორციელებს

სამგორის რაიონში თბილისის მერიის დაანონსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველ, საპილოტე პროექტს სამშენებლო კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენი“ განახორციელებს.

მეოთხე კატეგორიის ავარიულობის კორპუსის დემონტაჟი, მერიის თანახმად, ოქტომბერში დაიწყება,
სამშენებლო სამუშაოები კი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კახი კალაძის განცხადებით, ამ მიზნით გამოცხადებლი იყო ტენდერი, სადაც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა;  გამარჯვება კი „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ მოიპოვა, რომელმაც მერიას გამოცხადებული 6 480 330 ლარის ნაცვლად, 6 199 330 ლარი შესთავაზა.

„პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გაყვანილი ჰყავს ქირით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.

„ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან“, – თქვა მან.

„ბკ ქონსთრაქშენი“ საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მის 50-50 პროცენტიან წილს ირაკლი ბურდილაძე და შოთა ბერეკაშვილი ფლობენ.

როგორც ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, „ბიქეი“ ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ , სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“.

შოთა ბერეკაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, ამჟამად ასევე არის სააქციო საზოგადოება „ნიუ დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი და „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი.

ბერეკაშვილის მეუღლე მაკა კვიციანია, ცოლისდა კი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხათუნა (ბაია) კვიციანი. ერთმანეთთან ახლო ნაცნობობა აქვთ ასევე კახა კალაძის მეუღლეს, დიზაინერ ანუკა არეშიძესა და შოთა ბერეკაშვილის მეუღლეს — ასევე დიზაინერ მაკა კვიციანს.

„ნიუ დეველოპმენტი“ ამჟამად აშენებს 38-სართულიან კორპუსს საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი