ახალი ამბები

გოცირიძე უწყებების ანგარიშების გვიან მოსმენებს აკრიტიკებს

9 სექტემბერი, 2022 • 896
გოცირიძე უწყებების ანგარიშების გვიან მოსმენებს აკრიტიკებს

დღეს, 9 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშს მოუსმენენ, რომელსაც სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ლილუაშვილს დღის მეორე ნახევარში მოუსმენენ, მანამდე კი პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

ის, რომ პარლამენტი ლილუაშვილს დღეს მოუსმენდა, უცნობი იყო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. როგორც ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ლილუაშვილის მოსმენის შესახებ მედიისგან შეიტყო.

გარდა ამისა, ენმ-ს კიდევ ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ გააკრიტიკა პარლამენტში ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა ამა თუ იმ უწყების ანგარიშებს საღამოს საათებში უსმენენ.

გოცირიძის თქმით, უწყებების ანგარიშებს საღამოს იმიტომ უსმენენ, რომ ის მედიისა და საზოგადოების ყურადღდების მიღმა დარჩეს.

„სამწუხაროა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურის[კონკურენციის ეროვნული სააგენტოს] მოხსენებას ორიოდე კაცი ესწრებოდა. ღამის 9 საათზე მუშაობა არ არის სწორი. ასევე იქცევით დღეს, როდესაც სუს-ის ხელმძღვანელი მოგყავთ შუაღამით და დილამდე გავაგრძელებთო. ვის აინტერესებს დილით მოსმენა?! ამას ჰქვია გადამალვა. გადამალეს სუს-ის უფროსი.

მოვიდეს ახლა, რა არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სუს-ის ანგარიშის მოსმენა?! ის სხვა საკითხები გადავიტანოთ დღის მეორე ნახევარში. მაგრამ არ გინდათ, რომ ეს გაშუქდეს და არც ხალხმა გაიგოს რა ხდება ქვეყანაში და როგორი რეპრესიული სახელმწიფო არსებობს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი