კრისტიანო ჯიუნტოლიმ, ნაპოლის მენეჯერმა, ისაუბრა თუ როგორ მოახერხა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ 10 მლნ ევროდ ყიდვა, რაც იტალიური მედიისა და სატრანსფერო ექსპერტების შეფასებით, ძალიან მცირე თანხაა ფეხბურთელის ტალანტიდან გამომდინარე.

ჯიუნტოლიმ კორიერე დელო სპორტს განუცხადა, რომ ომამდე რუბინი ხვიჩას სანაცვლოდ 30 მლნ-ს ითხოვდა.

“პირველად, როდესაც ხვიჩას თამაშის ვიდეო ვნახე, ლოკდაუნის შუაში ვიყავით. ის ალბათ 19 წლის იყო, მაგრამ ფეხზე უკვე კარგად იდგა. რინო [გატუზო] ჯერ კიდევ აქ იყო [ნაპოლის მწვრთნელი ჯენარო გატუზო იყო] და ჩვენ ის მაშინვე მოგვეწონა. მახსოვს კალაძეს დავურეკეთ, რომ მასზე მეტი გაგვეგო. ის მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა, მაგრამ რუბინში უკეთ ათამაშდა. მათ ჩვენგან 30 მლნ მოითხოვეს. ჩვენ საკითხი მოლაპარაკებების დაწყებამდე დავხურეთ, ოსიმენის შეძენაზე ვმუშაობდით, ამდენს ბიჭში [კვარაცხელია] ვერ გადავიხდიდით. თუმცა ის ჩემს გონებაში რჩებოდა. როდესაც თებერვალში უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, ის “რუბინიდან” საქართველოში, დინამო ბათუმში დაბრუნდა. ჩვენ ეს ტრანსფერი 10 მლნ-ში დავხურეთ. დავასწარით იუვეს, რომას და სოსიედადს”, – განაცხადა ჯიუნტოლიმ.

კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის 5 ტურში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მან თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა, სადაც მართალია გატანა ვერ შეძლო, მაგრამ შეასრულა საგოლე პასი და მონაწილეობა მიიღო სხვა საგოლე კომბინაციებშიც.